ახალი ამბები

შეგვხვდით, ერთად დავძლიოთ სირთულეები — პანკისის სახალხო კრება ხელისუფლებას

30 აპრილი, 2019 •
შეგვხვდით, ერთად დავძლიოთ სირთულეები — პანკისის სახალხო კრება ხელისუფლებას

პანკისის სახალხო კრება, რომელიც უხუცესებს და ახალგაზრდებსაც აერთიანებს, პარლამენტარებსა და მთავრობის წევრებს მოუწოდებს, დროულად შეხვდნენ მოსახლეობას, რათა ერთად შეიმუშაონ სირთულეების დაძლევის გეგმა. ამასთან, ისინი ხელისუფლებას, საზოგადოებას, დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, ხეობაში შექმნილი კრიზისის დაძლევაში მიიღონ მონაწილეობა.

30 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პოლიციის კრიტიკის მიუხედავად, სახალხო კრება დაუშვებლად მიიჩნევს პროტესტის ძალადობრივ ფორმებს;

პოლიცია და ადგილობრივები 21 აპრილს პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ხადორი ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, მოსახლეობამ კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინა.

ამასთან, განცხადების თანახმად, კრების მიზანი იყო, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი მშვიდობიანად გამოეხატათ, თუმცა „მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულების გარეშე, სრულიად მოულოდნელად დაიწყო მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება ხეობაში, რაც მოვლენების სპონტანურად განვითარებისა და ადგილობრივების ჭარბი უკმაყოფილების მიზეზი გახდა“.

ამ უკმაყოფილების და „შელახული ნდობის“ საფუძვლად კრება ასახელებს „წლების განმავლობაში ხეობაში სოციალურ კონტროლსა და დასჯაზე ორიენტირებულ პოლიტიკას“.

„ადგილობრივ მოსახლეობასთან დემოკრატიულ კომუნიკაციას მოკლებული გადაწყვეტილებების გამო მივიღეთ არასასურველი შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის არცერთი მოქალაქის ინტერესებში არ შედის. ამავე დროს, ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ პროცესის დეესკალაციისთვის მიღებულ მყისიერ გადაწყვეტილებას“, – წერს კრება.

„ჩვენი შეფასებით, ეს იყო გონიერი და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული ქმედება და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ხეობაში მართლწესრიგის დასუსტების ნაბიჯი. ასევე, გვჯერა, რომ ხელისუფლება გააგრძელებს გონიერ პოლიტიკას ხეობაში და არ დაუშვებს პროცესების შემდგომ გამწვავებას“.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კრება საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებს — მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს — მოუწოდებს: „დროულად შეგვხდვნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ერთად ვიმუშაოთ შექმნილი სირთულეების დაძლევის და თანამშრობლობის ახალი ეტაპის დასაწყებად, რომელიც მიღებული გადაწყვეტილებების და შეცდომების ორმხრივ თვითკრიტიკას დაეფუძნება“.

ნახეთ განცხადება სრულად:

მასალების გადაბეჭდვის წესი