ახალი ამბები

გახარია ხუთშაბათს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში წარდგება

30 აპრილი, 2019 • 1189
გახარია ხუთშაბათს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში წარდგება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცეპრემიერი გიორგი გახარია მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის წინაშე ხუთშაბათს, 2 მაისს წარდგება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მინისტრთან კითხვები აქვთ პანკისში ხადორი 3 ჰესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

გახარიას თქმით, პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში პლენარულ სხდომაზე წარდგება, თუმცა არ აკონკრეტებს, მივა თუ არა კომიტეტში “ევროპული საქართველოს” მოთხოვნის საფუძველზე, რასაც რეგლამენტი ავალდებულებს.

„მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე 4-ჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არცერთ ჩემი გუნდის წარმომადგენელს, მიმართოს და იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე, არ აქვს. მე როგორც ვიცი, მაქვს დაგეგმილი საპარლამენტო მოსმენა „მინისტრის საათი“, მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ ჩემს ვალდებულებას შევასრულებ და მივალ. თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

“მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლა ითვალისწინებს გაწეულ მუშაობაზე ანგარიშის გაცნობას და სამოქმედო გეგმაზე საუბარს, ასევე, დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემას.

თუმცა, ამას გარდა, “ევროპული საქართველო” შს და ეკონომიკის მინისტრებს პანკისში ჰესის მშენებლობისა და ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იბარებს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი ვალდებულია, რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს კომიტეტმა მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ თავისი ხელით მოუდუღებს შს მინისტრ გიორგი გახარიას ყავას, თუ ეს უკანასკნელი პანკისთან დაკავშირებით დასმულ რთულ კითხვებს თავს არ აარიდებს.

ხოშტარიამ ეს განცხადება გახარიას გუშინდელი რეპლიკის საპასუხოდ გააკეთა,

“მინისტრთან ჩვენ და საზოგადოებას ძალიან სერიოზული კითხვები გვაქვს და მას მოუწევს სერიოზული პასუხების გაცემა. თუ პარლამენტის და კომიტეტის კედლები აშინებს ბატონ გახარიას, ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას, მობრძანდეს, ოღონდ ამით ის სერიოზულ პასუხებს ვერ გაექცევა. პასუხების გაცემა მაინც მოუწევს, ყავა თუ სჭირდება პასუხებისთვის, ამ კომფორტს ნამდვილად არ მოვაკლებ”, – აცხადებს ხოშტარია.

რაც შეეხება კითხვას, რომლის დასმასაც მისთვის ოპოზიცია აპირებს:

“მთავარი კითხვა – სრულიად გაუგებარი მიზეზით მინისტრები და სახელმწიფო ამოეფარნენ სპეცრაზმელებს და ჩვენ ძალიან სახიფათო კადრებს ვუყურეთ: სპეცრაზმელების მხრიდან რეზინის ტყვიების სროლა, შეტაკება, ქვების სროლა სპეცრაზმელების მიმართ… სრულიად გაუგებარია, რისთვის ვაფეთქებთ ჩვენი ხელით  სიტუაციას”, – ამბობს ხოშტარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი