ბახტაძე: საქართველო მუდამ იქნება რიჩარდ ლუგარის მადლიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მწუხარება გამოხატა ამერიკელი სენატორის, რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო, უწოდა მას საქართველოს დიდი მეგობარი და დაწერა, რომ ქვეყანა მუდამ მისი მადლიერი იქნება.

„მსოფლიომ დაკარგა უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკის საგარეო პოლიტიკის წამყვანი ფიგურა იყო. სენატორი რიჩარდ ლუგარი საქართველოს დიდი მეგობარი იყო და ის ყოველთვის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც ადამიანი, რომელმაც მსოფლიო უკეთეს ადგილას აქცია. საქართველო მუდამ მისი მადლიერი იქნება“, — დაწერა ბახტაძემ 29 აპრილს ტვიტერზე.

აშშ-ის ინდიანას შტატის ყოფილი სენატორი რიჩარდ ლუგარი 28 აპრილს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. რესპუბლიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი 1977 წლიდან 2013 წლამდე მსახურობდა სენატში.

სემ ნანთან ერთად, ლუგარი იყო სულისჩამდგმელი პროგრამისა , რომელიც აშშ-მა 1990-იან წლებში დაიწყო და რომელიც  პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სხვადასხვა ინსტიტუტში გაბნეული ბიოლოგიური მასალების თავმოყრას და უსაფრთხოდ შენახვას ითვალისწინებდა.

სწორედ მის სახელს ატარებს თბილისში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ნეტგაზეთთან საუბარში იხსენებდა, ლუგარმა და ნუნმა 1990-იან წლებში დაიწყეს ფართომასშტაბიანი პროგრამა პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაში, რადგან “ე.წ ბიოლოგიური მასალები, ვირუსები, ბაქტერიები, მიკრობები, მრავალ ინსტიტუციაში იყო გაბნეული”, აშშ-ს კი სურდა, თავიდან აეცილებინა ბიოლოგიური მასალების “გაჟონვა და ტერორისტების ხელში მოხვედრა”.

მისი თქმით, საქართველოშიც, 5-6 ინსტიტუციაში იყო ბიოლოგიური მასალა გაბნეული. სასურველი იყო, მათზე კონტროლი განხორციელებულიყო. გამყრელიძე, რომელიც გარკვეულ პერიოდში აშშ-საქართველოს მოლაპარაკებების მონაწილე იყო, გვიამბობს, რომ პროგრამა „ეხმარებოდა ქვეყნებს, სადაც ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემები დაინგრა, რომ ეს სისტემები აღდგენილიყო და თანამედროვე სტანდარტებით განვითარებულიყო”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com