ახალი ამბები

ზელენსკი „რეჟიმისგან დატანჯულ რუს ხალხს“ უკრაინის მოქალაქეობას სთავაზობს

28 აპრილი, 2019 • 1614
ზელენსკი „რეჟიმისგან დატანჯულ რუს ხალხს“ უკრაინის მოქალაქეობას სთავაზობს

უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ინიციატივას, ყველა უკრაინელისთვის გამარტივდეს რუსეთის პასპორტების აღება და აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქეობას სთავაზობს „რუს ხალხს, რომლებიც ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის პირობებში იტანჯებიან“.

გასულ კვირას პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მაცხოვრებლებს სამ თვეზე ნაკლებ დროში სთავაზობს რუსულ პასპორტებს; ხოლო ახალი განცხადება, რომელიც მან 27 აპრილს გააკეთა ბეიჯინგში, უკრაინაში მცხოვრებ ყველა ადამიანს ეხება.

ბიბისის თანახმად, ფეისბუკზე საპასუხო პოსტში ზელენსკიმ დაგმო ინიციატივა და დასცინა მას. ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ ფიქრობს, მისი თანამემამულეების უმრავლესობა შეთავაზებას დათანხმდეს. „უკრაინელები თავისუფალი ხალხია, თავისუფალ ქვეყანაში“, — თქვა მან.

ამასთან, ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს შესთავაზა უკრაინის მოქალაქეობა: „ყველა ადამიანს, რომელიც ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის პირობებში იტანჯება“, მაგრამ პირველ რიგში, „რუს ხალხს, რომლებიც ყველაზე მეტად იტანჯებიან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი