ახალი ამბები

“გარეჯა ჩვენია” – დავით გარეჯში მოქალაქეები საზღვრის პრობლემას აპროტესტებენ

27 აპრილი, 2019 • 2706
“გარეჯა ჩვენია” – დავით გარეჯში მოქალაქეები საზღვრის პრობლემას აპროტესტებენ

მოქალაქეთა ჯგუფი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების აქტივობების გასაპროტესტებლად და ვითარებაში გასარკვევად დავით გარეჯში ჩავიდა. მათი თქმით, ლოზუნგით – “გარეჯა ჩვენია” – სურთ, სიტუაცია ადგილზე შეისწავლონ და მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას, საზღვრის დემარკაციის საკითხი დროულად მოაგვაროს.

“აღშფოთებულები ვართ იმ პროცესებით, რომლებიც წლებია, მიმდინარეობს დავით გარეჯის გარშემო. ამ პრობლემას საშველი არ დაადგა. აქედან გამომდინარე, უკვე ადგილიდან მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უმოკლეს დროში ჰქონდეს ადეკვატური რეაგირება. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ერთ დღეში და ორ დღეში ეს პრობლემა არ მოგვარდება, თუმცა თუ საზოგადოება აქტიური იქნება, ამით ხელისუფლებას, ბრჭყალებში, ხელი შეეწყობა, მიიღოს სასარგებლო გადაწყვეტილება”, – აღნიშნა “საყდრისის კომიტეტის” წევრმა ნინო ბურჭულაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ნინო ბურჭულაძის თქმით, ის, რომ აღდგომის დღეებში მომლოცველებს მონასტრის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცათ, არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდა. “საყდრისის კომიტეტი” არ გამორიცხავს აქციების ორგანიზებას იმ შემთხვევაში, რომ  თუ ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად სათანადოდ არ იმუშავებს.

უდაბნოს მონასტერთან განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მედიაში 25 აპრილს გავრცელდა. დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს ადგილზე თავისუფლად მოძრაობის საშუალება აღარ აქვთ.

ცნობა იმავე დღეს დაადასტურა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომლის წარმომადგენელმაც თქვა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადი შეზღუდეს და ქართული მხარე პრობლემის მოსაგვარებლად აზერბაიჯანელ კოლეგებთან მუშაობდა.

გუშინ, 26 აპრილს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში ქართველი მომლოცველებისთვის გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა.

სტატიის გარეკანზე განთავსებულია ნინო ბურჭულაძის ფოტოები

მასალების გადაბეჭდვის წესი