ახალი ამბები

ბიზნესის სამთავრობო ხელშეწყობის რეკლამირებაში 900 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება

25 აპრილი, 2019 • 1225
ბიზნესის სამთავრობო ხელშეწყობის რეკლამირებაში 900 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება

“აწარმოე საქართველოში” სარეკლამო კამპანიაში, რომლის მიზანიც მოსახლეობისთვის იმის ჩვენებაა,  თუ როგორ ეხმარება ბიზნესს მთავრობა, 900 ათას ლარის დახარჯვა იგეგმება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის მთავარი მოთხოვნებია, კამპანიის პერიოდში მოქალაქეებმა დაინახონ, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით. ამ კამპანიის პროცესში სერვისის მიმწოდებელ კომპანიას მოეთხოვება, განსაკუთრებით გამოკვეთოს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” როლი.

“კამპანიის დახმარებით მოსახლეობამ უნდა გაიგოს, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფო ადგილობრივი წარმოებისა და ზოგადად, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით. განსაკუთრებულად უნდა გამოიკვეთოს აღნიშნულ პროცესში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ შემუშავებული მექანიზმები. სახელმწიფომ კი, როგორც ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამების ავტორმა, უნდა დაიმკვიდროს პარტნიორისა და მხარდამჭერის იმიჯი. საზოგადოების ინფორმირებულობისთვის აუცილებელია გამოჩნდეს საქართველოში არსებული საწარმოების რაოდენობა, მათ შორის- დიდი, საშუალო, მცირე და მიკრო საწარმოებიც,”-წერია შესყიდვების სააგენტოსსთვის გაგზავნილ მოთხოვნებში.

“აწარმოე საქართველოში” სერვისის მიღებას გამარტივებული შესყიდვით გეგმავს. როგორც სააგენტოს საიტზე ვკითხულობთ, სარეკლამო კამპანიის კიდევ ერთი მიზანია, “საზოგადოებაში  დამკვიდრდეს აზრი, რომ საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესი უკვე შეუქცევადია”.

უწყების ინფორმაციით, რადგან სარეკლამო კამპანია მთლიანად კრეატიულ იდეაზეა დაფუძნებული, ის სატენდერო პირობებში ვერ იქნება გაწერილი და  ამიტომ მომსახურების პირდაპირი წესით შესყიდვა ხდება. განაცხადის თანახმად, სარეკლამო კამპანია მიმდინარე წლის მაისიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა განხორციელდეს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ  შეთავაზებული პირდაპირი შესყიდვა პირველ მაისამდე უნდა განიხილოს. თანხმობის მიღების შემთხვევაში, უწყება შესყიდვას განახორციელებს.

ამ სარეკლამო კამპანიაზე თავდაპირველად ინფორმაცია on.ge-იმ გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი