ახალი ამბები

პიერ დიუ ვალის 1670 წელს გამოცემული „GEORGIE“

25 აპრილი, 2019 • 10323
პიერ დიუ ვალის 1670 წელს გამოცემული „GEORGIE“

ავტორი: სულხან სალაძე

1670 წელს რომში, პროპაგანდა ფიდეს სტამბაში, დაიბეჭდა ფრანცისკო-მარია მაჯოს წიგნი – „ქართული ენის გრამატიკა“. წიგნის გამოცემა უდავოდ დიდი მოვლენა იყო- ჯერ ერთი, რომ წიგნი რომში დაიბეჭდა, მეორე კი, სამეფო სამთავროებად დაშლილ საქართველოში არავის სცხელოდა სტამბის გასაწყობად და წიგნის გამოსაცემად. იმავე 1670 წელს საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა ევროპაში, ოღონდ ამჯერად- პარიზში. საქმე ის არის, რომ 1670 წელს საფრანგეთის დედაქალაქში გამოიცა ფრანგი კარტოგრაფის, პიერ დიუ ვალის ატლასი – „მსოფლიო, ანუ სამყაროს გეოგრაფია“.

წიგნის გამოცემისას პიერ დიუ ვალი დიდი სახელით სარგებლობდა. ფრანგულ აბევილში დაბადებულ კარტოგრაფს ერთი ხანობა XVII საუკუნის გამოჩენილი ფრანგი კარტოგრაფის, ნიკოლა სანსონის მოწაფეობა და სიძედ ყოფნა „მოესწრო“. უშუალოდ ატლასის გამოცემის დროს კი პიერ დიუ ვალს უკვე არაერთი რუკა ჰქონდა გამოცემული. გარდა რუკებისა, იმდროინდელ ევროპაში მას კარგად იცნობდნენ გეოგრაფიული შინაარსის ბანქოს ქაღალდების გამოცემითაც.

1670 წელს პარიზში გამოცემული ატლასიდან ჩვენთვის საინტერესო ერთი ნაწილია. კერძოდ, რუკა, სახელწოდებით – „GEORGIE“. მიუხედავად იმისა, რომ სიზუსტისა თუ ზომის თვალსაზრისით ეს რუკა ახლოსაც კი ვერ მივა მოგვიანებით [XVIII საუკუნეში] სულხან-საბასა და ვახუშტი ბატონიშვილის ფრანგულენოვან რუკებთან, რომლებიც ძმებმა დელილებმა გამოსცეს, ის მაინც საინტერესოა ჩვენთვის.

პიერ დიუ ვალის რუკა – „GEORGIE“ მოიცავს ტერიტორიას შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. შავი ზღვის სანაპიროზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით აღნიშნულია სამეგრელო (Mingrelie), რომელიც გურიასა და ლაზეთსაც მოიცავს (Guriel, Lazi al Guru). რუკის ცენტრში არის წარწერა – „გურჯისტანი“ (Gurjistan), რაც იმდროინდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით სულაც არ არის გასაკვირი. სამაგიეროდ გასაკვირია თბილისის (Tiflis) არასწორი მდებარეობა. ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ რუკაზე, გორსა (Cori) და თბილისის შორის აღნიშნულია დიდი ტბა, სავარაუდოდ, სევანი (გოგჩა). ცხადია, ეს შეცდომაა, რადგან სევანის ტბა თბილისიდან სამხრეთით მდებარეობს და არა ჩრდილოეთით. პიერ დიუ ვალი არც პირველი იყო და არც ბოლო, ვინც რუკაზე თბილისის მდებარეობა არასწორად აღნიშნა.

ცნობილია, რომ პიერ დიუ ვალის რუკა – „GEORGIE“, ისევე როგორც სხვა რუკების დიდი ნაწილი, მისი მასწავლებლის, ნიკოლა სანსონის რუკებს ეფუძნება. შესაბამისად, შეცდომა, რომელიც თავის დროზე სანსონმა დაუშვა, მოგვიანებით დიუ ვალმა გაიმეორა.

პიერ დიუ ვალი „GEORGIE“

რუკაზე არაერთი ტოპონიმია აღნიშნული, მაგრამ ყველას იდენტიფიცირება შეუძლებელია. ამის მიუხედავად, შავი ზღვის სანაპიროსთან იკითხება: სევასტოპოლი (Sauastopoli), პორტი (Porti), რომელიც, სავარაუდოდ, უნდა იყოს ისგური, ფაზისი (Fasso), ბათუმი (Lonati), ქუთაისი (Cotachis). აღმოსავლეთ საქართველოში აღნიშნულია ძეგამი (Zagran) და გრემი (Grin). აღმოსავლეთ საქართველოს მთიან ნაწილში არის აღნიშნული სვანეთი (Suanes), ხოლო თბილისის სამხრეთით- კახეთი (Lachet). გეოგრაფიული თვალსაზრისით, როგორც სვანეთის, ისე კახეთის ლოკალიზებაც არ არის სწორი.

რუკაზე, საქართველოს ტერიტორიაზე მდინარეებიდან მხოლოდ ორი მდინარე – რიონი (Faze) და მტკვარია (Kur) აღნიშნული. თუმცა მდინარეების აღნიშვნაც არაზუსტია.

არავინ დავობს, რომ პიერ დიუ ვალის „GEORGIE“ საქართველოსთან მიმართებით ზუსტ და დახვეწილ რუკათა რიცხვს არ მიეკუთვნება. ამის მიუხედავად, რუკა მეორედ გამოიცა დიუ ვალის სიცოცხლეში, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1682 წელს. ხოლო, მოგვიანებით, გერმანელმა კარტოგრაფმა იოჰან ულრიხ მიულერმა, მცირედი რედაქტირების შემდეგ, 1692 წელს გამოცემულ ატლასში შეიტანა.

ყველაფრის მიუხედავად, პიერ დიუ ვალის „GEORGIE”-ს უკავშირდება ამბავი, რომელიც რუკის გამოცემამდე არასდროს მომხდარა. 1670 წელს პარიზში პიერ დიუ ვალის მიერ გამოცემულ ატლასში შეტანილი რუკა, სახელწოდებით – „GEORGIE“ ერთადერთია, რომელიც სათაურში მხოლოდ საქართველოს მოიხსენიებს.

2019 წლის მარტში, „GEORGIE“-ს გამოცემიდან 349 წლის გასვლის შემდეგ, ინტერნეტში ვიპოვე, რომ საფრანგეთის ქალაქ რენში პიერ დიუ ვალის „GEORGIE“ იყიდებოდა.

ვიპოვე და უმალ ვიყიდე.

__________

მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი