ახალი ამბები

მაჭავარიანი თინეიჯერი შვილის მაგალითზე ხსნის საბანკო რეგულაციებზე სებ-ის მიდგომასთან განსხვავებას

23 აპრილი, 2019 •
მაჭავარიანი თინეიჯერი შვილის მაგალითზე ხსნის საბანკო რეგულაციებზე სებ-ის მიდგომასთან განსხვავებას

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ საბანკო რეგულაციების ძირითად პრინციპირებს ადრეც და ახლაც ეთანხმება, თუმცა იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით რეგულაციების შერბილების მომხრე იყო.

ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რომ 2019 წლის იანვრამდე, ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ცვლელების ამოქმედებამდე, სამშენებლო სექტორში ზრდის შენელება  შეინიშნებოდა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც სამშენებლო ნებართვების გაცემის გამკაცრება იყო. იპოთეკური სესხები და შემოსავლის დადასტურების მექანიზმები არის საკითხები, რის გამოც მასსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უთანხმოება ჰქონდათ.

“სამშენებლო სექტორში შენელება ისედაც შეინიშნებოდა და ჩვენ ეს რეგულაციების ამოქმედებამდე ვიცოდით. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, სამშენებლო ნებართვები, მეორე მხრივ კი, რეგულაციები იყო, თუმცა რეგულაციები ამ სექტორისთვის აუცილებელი გახლდათ. მომხრე არ ვიყავი, ამ ეტაპზე იპოთეკასთან დაკავშირებული კიდევ მეტი რეგულაციები ამოქმედებულიყო. ჩემი აზრით, ჯერ უნდა შეგვეხედა ბაზრისთვის და მერე გვემოქმედა. მეორე, შეიძლება უმნიშვნელო უთანხმოება იყო [სესხის აღებამდე შემოსავლის] დადასტურების მექანიზმებსა და ოდენობაზე. დატალებში აღარ შევალ და პროცენტებს არ განვიხილავ. მაგრამ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია და ის არის გაცილებით უფრო ფრთხილი, ვიდრე ზოგადად ხელისუფლება. ეს ყველა ქვეყანაში ასეა. ძირითად საკითხებზე ეროვნულ ბანკთან თანხმობა გვაქვს. პოპულარულ ენაზე გეტყვით, დაახლოებით რასთან გვაქვს საქმე. თინეიჯერი შვილის შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ გვიან არ მოვიდნენ, რამე არ დაუშავდეთ. ბატონ კობას [გვენეტაძეს] და ჩემს მიდგომებს შორის სხვაობა შემდეგია: ის ამბობს, 10 საათზე მოვიდეს ბავშვი, მე ვამბობ- 12 საათმდე იყოს,”-აცხადებს ივანე მაჭავარიანი.

ევროპული საქართველოს  მიმართვის საფუძველზე, პარლამენტში ივანე მაჭავარიანის საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი