ახალი ამბებირეკლამა

რეგიონებში ტყვიის კვლევის არეალი გაფართოვდა

22 აპრილი, 2019 • 862
რეგიონებში ტყვიის კვლევის არეალი გაფართოვდა

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს რეგიონებშიც აფართოებს.

სპეციალისტები ამჯერად დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქალაქ ზესტაფონში N მე-7 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის და წყლის სინჯები აიღეს. ატმოსფერულ ჰაერში სინჯების აღება სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით განხორციელდა. აღებული სინჯები შემდგომი ანალიზისთვის კი გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნა და მიღებული შედეგები უახლოეს დღეებში ეცნობება საზოგადოებას.

გარემოს ეროვნული სააგენტო გარემოს დაბინძურების მონიტორინგს თბილისსა და რეგიონებში აგრძელებს. ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით შერჩეულ ლოკაციებზე ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის სინჯების აღება განხორციელდება. კვლევის შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი