ახალი ამბები

პოლიციის ძირითადი ნაწილი ხეობას ტოვებს – პანკისში სიმშვიდეა

21 აპრილი, 2019 • 791
პოლიციის ძირითადი ნაწილი ხეობას ტოვებს – პანკისში სიმშვიდეა

ამ წუთებში [18:35] სამართალდამცავების ძირითადი ნაწილი პანკისის ხეობას ტოვებს. ტერიტორიას ტოვებენ ადგილობრივებიც. ხეობაში ამ დროისათვის სიმშვიდეა.

ჯერჯერობით, უცნობია 21 აპრილის შეტაკებისას დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა. ნეტგაზეთი ცდილობს ამ მონაცემების დაზუსტებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ცნობა, რომ დაშავებული იყო 27 ადამიანი, მათგან 12 პოლიციელი, თუმმცა მას შემდეგ დაშავებულებზე სხვადასხვა წყარო განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. სავარაუდოდ, დაშავებულთა რაოდენობა უფრო მეტია.

პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. ხეობაში ჩასული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ადგილობრივთა მოლაპარაკებების შემდეგ მან თქვა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება მანამ, სანამ პროექტს მოსახლოების 90% მაინც არ დაუჭერს მხარს და ასევე, სპეცდანიშნულების რაზმები დატოვებენ ხეობას.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან ეს მათ საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად გააუარესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი