პანკისში სადავო ჰესების მშენებლობა EMC-ის სასამართლოში აქვს გასაჩივრებული

“ადამანის უფლებათა სწავლებისა და მონისტორინგის ცენტრს” (EMC) პანკიის ხეობაში ჰესების მშენებლობა სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული, თუმცა სარჩელის არსებითი განხილვა ამ დრომდე დაწყებული არ იყო და მხოლოდ მოსამზადებელი სხდომა იყო გამართული.

როგორც ორგანიზციაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ამ თემაზე მათ სასამართლოს გასული წლის დეკემბერში მიმართეს.

როგორც ორგანიზაციის იურისტი, ეთო გვრიტიშვილი ამბობს, EMC-ს გასაჩივრებული ჰქონდა მშენებლობის ნებართვა და გარემოს დაცვის სამინისტორს მიერ გაცემული დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით, უწყებამ ყოველგვარი კვლევებისა და სათანადო შეფასების გარეშე გასცა:

“ზუსტად ამის გამო ადგილობრივი მოსახლეობა უკვე ერთ წელზე მეტია აპროტესტებს პანკისში ჰესების მშენებლობას. სასამართლო პროცესის ფარგლებში ჩვენ გვქონდა წარდგენილი ალტერნატიული ექსპერტიზის შეფასება, სადაც დამოუკიდებელი ექსპერტი პირდაპირ მიუთითებს ხარვეზებზე, რომელსაც შეიცავს ეს ეკოლოგიური დასკვნები.

ზუსტად ამ ხარვეზებზე პასუხს ითხოვდა ამ პერიოდის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენ სასამართლო დავების პარალელურად გარემოს დაცვის სამინისტროსგან არაერთხელ მოვითხოვდით მოლაპარაკების წარმოების მიზნოთ შეხვედრას, თუმცა სხვადასხვა პასუხით ყოველთვის უარს გვეუბნებოდნენ” – ამბობს გვრიტიშვილი “რუსთავი 2-თან”.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა სამშენებლო სამუშაოების სასამართლო დავის დასრულებამდე შეჩერების შესახებ, რადგან იმ პერიოდისთვის მშენებლობის სამუშოების განხორციელების მყისიერ საფრთხეს ვერ ხედავდა:

“სამწუხაროდ, ქართული კანონდებლობის თანახმად, გასაჩივრების შემთხვევაში ავტომატურად არ ჩერდება მშენებლობის უფლება, თუმცა ჩვენ ვშუამდგომლობდით სასამართლოში, რომ სასამართლო დავის გადაწყვეტამდე შეჩრებულიყო სამშენებლო სამუშაოები, თუმცა სამწუხაროდ სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმის გამო, რომ იმ პერიოდისთვის ვერ ხედავდა მყისიერ საფრთხეს მშენებლობის განხორციელებისთვის”, – ამბობს გვრიტიშვილი.

იურისტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მოლაპარაკებების რესურსი ამოწურული არ ჰქონდა ისე მიიღო სამშენებლო სამუშოების განახლების გადაწყვეტილება, რის გამოც შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობაზე ანგარიში მომზადებული აქვს “მწვანე ალტერნატივასაც”. ორგანიზაციამ განიხილა ახმეტის მუნიციპალიტეტში მდ. ალაზანზე 5.4 მგვტ/სთ დადგმული სიმძლავრის ხადორი 3 ჰესის მშენებლობის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და აცხადებს, რომ აღმოაჩინა მნიშვნელოვანი დარღვევები.

როოგრც აღნიშნულ ანგარიშში ვკითხულობთ, “მწვანე ალტერნატივამ” მიიჩნია, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში შეუსწავლელი და არასათანადოდ შესწავლილი მთელი რიგი საკითხების გამო, არ არსებობდა საფუძველი დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გასაცემად.

სრულად “მწვანე ალტერნატივას” ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი აცხადებს, რომ “სამინისტროს პოზიციაა, რომ ის ჰესები, რომელიც უნდა აშენდეს, უნდა აშენდეს”.

ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მას შემდეგ გააკეთა, რაც პანკისში სამართალდამცავები და მოსახლეობა ერთამნეთს დაუპირისპირდნენ.

„ჩვენი მთავარი მიზანი და სტრატეგია არის მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რათა კარგად იყოს განმარტებული, რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს თითოეული ჰესის მშენებლობამ ქვეყანას, კონკრეტულ რეგიონს და იქ მხოვრებ თითოეულ ადამიანს. რაც შეეხება „ხადორი 3“-ს, ეს არის მცირე ჰესი, 5,4 მეგავატი სიმძლავრის,  მას არ აქვს რეზერვუარი და არის მოდინებაზე, შესაბამისად, ეს არის სუფთა „მწვანე ენერგია“ და მას აქვს მინიმალური ზეგავლენა გარემოზე“ – აღნიშნა ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის მოსაზრებით, მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ მცირე ჰესების მშენებლობა, ზოგადად, არის ყველაზე უსაფრთხო და გარემოსთვის მინიმალური ზიანის მომტანი.

„ეს მთელ მსოფლიოში მიღებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგიის წყარო. „ხადორი 3“-ს აქვს გარემოსდაცვითი შეფასება, მისი ანალიზი მოხდა მრავალი სპეციალისტის მიერ. ამაში ჩართული იყო მოსახლეობა. დაახლოებით ერთი წელია მიდის დიალოგი მოსახლეობასთან და  ახსნა-განმარტება, თუ რა სასარგებლო შედეგები შეიძლება მოიტანოს “ხადორი ჰესის” მშენებლობამ. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დადებითად არის განწყობილი, თუმცა, არიან ადამიანები, ვისთანაც, ალბათ, საჭიროა კიდევ დამატებითი  კომუნიკაცია“ – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა. მისივე თქმით, ჰესების მშნეებლობის გარეშე საქართველო ვერ მიაღწევს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოდამოუკიდებლობას.

პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. მოსახლეობა ხეობიდან სპეცრაზმელთა გაყვანას ითხოვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.