მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფის, ომის რეპორტიორისა და სააგენტო „მაგნუმის“ დამაარსებლის, რობერტ კაპას საქართველოში გადაღებული ფოტოების სერია თიბისი ბანკის კოლექციის ნაწილია. ფოტოები 1947 წელს, რობერტ კაპას საქართველოში მოგზაურობის დროსაა გადაღებული.
კაპამ თბილისში, გორსა და ბათუმში 500-ზე მეტი ფოტო გადაიღო. საქართველოში ის მწერალ ჯონ სტეინბეკთან ერთად ჩამოვიდა. სტეინბეკმა სწორედ ამ მოგზაურობას მიუძღვნა თავისი „რუსული დღიური“. ეს წიგნი რუსულმა იმპერიალისტურმა მთავრობამ დაიწუნა, რის გამოც მომდევნო 40 წლის განმავლობაში თაროზე იდო და მისი გამოცემა მხოლოდ 90-იან წლებში მოხერხდა.
კაპას საქართველოში გადაღებული ფოტოების ნაწილის ჩამოტანა 2003 წელს ამერიკის საელჩოს ინიციატივით და თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა, სწორედ მაშინ მოეწყო ამ სერიის პირველი გამოფენა. ქუთაისში დამთვალიერებელი კაპას ისტორიულ ფოტოებს პირველად ნახავს.
თიბისი ბანკი კაპას საქართველოში გადაღებული ფოტოების ალბომის გამოცემას გეგმავს, რომელშიც შევა ბანკის კოლექციაში არსებული 80 ფოტო. ამასთან, სპეციალურად ამ ფოტოალბომისთვის სრულად ითარგმნება სტეინბეკის „რუსული დღიურის“ ის ნაწილი, რომელიც საქართველოს ეძღვნება. თიბისი ბანკი ფოტოალბომის გამოცემას 2015 წელს აპირებს.
ქუთაისის თიბისი გალერეაში რობერტ კაპას გამოფენა 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.






