ახალი ამბები

“დაუყოვნებლივ გაიყვანეთ სპეცდანიშნულების რაზმები ხეობიდან” – ვაშაძე

21 აპრილი, 2019 • 922
“დაუყოვნებლივ გაიყვანეთ სპეცდანიშნულების რაზმები ხეობიდან” – ვაშაძე

პანკისში განვითარებულ მოვლენებს ენმ-ს პარტიული თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე ეხმიანება. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას პანკისიდან სპეცრაზმი გაიყვანოს.

ვაშაძე ამბობს, რომ დღეს მმართველმა გუნდმა “კიდევ ერთი კრიზისის მოწყობა მოახერხა” და განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ქმედებები გაუგებარია.

“სრულად გაუგებარია, რა საჭირო იყო თელავში მოლაპარაკების წარმოება ან ვითომ მოლაპარაკებების წარმოება და პარალელურად, მუშაობის დაწყება ხეობაში, თუ რაღაც ჰქონდათ სათქმელი, რაც ეხება ენერგეტიკას, რაც ეხება საკითხებს – წყნარად დაემთავრებინათ ეს მოლაპარაკებები, შემდეგ განეახლებინათ ეს მუშაობა,” – ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

მისი თქმით, ხეობაში მობილიზებული სპეციალური დანიშნულების რაზმი ადგილობრივების გაღიზიანების გარდა არაფერს აკეთებს.

“გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს კატეგორიული მოთხოვნა: დაუყონებლივ გაიყვანეთ პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები ხეობიდან, არაფერს ეს სპეცდანიშნულების რაზმები ახლა იქ არ აკეთებენ, გარდა იმისა, რომ ჩვენი გააღიზიანონ. დასხედით მოლაპარაკების მაგიდაზე,” – ამბობს ვაშაძე ბრიფიგნზე.

პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. მოსახლეობა ხეობიდან სპეცრაზმელთა გაყვანას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი