ახალი ამბები

ჰესი უნდა აშენდეს – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

21 აპრილი, 2019 • 1470
ჰესი უნდა აშენდეს – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი აცხადებს, რომ “სამინისტროს პოზიციაა, რომ ის ჰესები, რომელიც უნდა აშენდეს, უნდა აშენდეს”.

ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მას შემდეგ გააკეთა, რაც პანკისში სამართალდამცავები და მოსახლეობა ერთამნეთს დაუპირისპირდნენ.

„ჩვენი მთავარი მიზანი და სტრატეგია არის მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რათა კარგად იყოს განმარტებული, რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს თითოეული ჰესის მშენებლობამ ქვეყანას, კონკრეტულ რეგიონს და იქ მხოვრებ თითოეულ ადამიანს. რაც შეეხება „ხადორი 3“-ს, ეს არის მცირე ჰესი, 5,4 მეგავატი სიმძლავრის,  მას არ აქვს რეზერვუარი და არის მოდინებაზე, შესაბამისად, ეს არის სუფთა „მწვანე ენერგია“ და მას აქვს მინიმალური ზეგავლენა გარემოზე“ – აღნიშნა ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის მოსაზრებით, მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ მცირე ჰესების მშენებლობა, ზოგადად, არის ყველაზე უსაფრთხო და გარემოსთვის მინიმალური ზიანის მომტანი.

„ეს მთელ მსოფლიოში მიღებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგიის წყარო. „ხადორი 3“-ს აქვს გარემოსდაცვითი შეფასება, მისი ანალიზი მოხდა მრავალი სპეციალისტის მიერ. ამაში ჩართული იყო მოსახლეობა. დაახლოებით ერთი წელია მიდის დიალოგი მოსახლეობასთან და  ახსნა-განმარტება, თუ რა სასარგებლო შედეგები შეიძლება მოიტანოს “ხადორი ჰესის” მშენებლობამ. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დადებითად არის განწყობილი, თუმცა, არიან ადამიანები, ვისთანაც, ალბათ, საჭიროა კიდევ დამატებითი  კომუნიკაცია“ – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა. მისივე თქმით, ჰესების მშნეებლობის გარეშე საქართველო ვერ მიაღწევს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოდამოუკიდებლობას.

პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. მოსახლეობა ხეობიდან სპეცრაზმელთა გაყვანას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი