აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი, რომელიც პანკისის ხეობაში საპროტესტო დემონსტრაციაზე იმყოფება, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დემონსტრანტები ახლა ელოდებიან, როგორ დასრულდება მოსახლეობის ნაწილის შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან, კახა საბანაძესთან. დემონსტრანტები, მისი თქმითვე, კარვებს შლიან. ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია, თუმცა ხეობაში კვლავ რჩება სპეცრაზმი.
21 აპრილს დილის საათებში პანკისის ხეობაში დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ხეობაში ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. რადიო „ვეის“ თანახმად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამ ეტაპზე ჰესის მშენებლობა შეჩერებულია.
პანკისში ასობით ადამიანია პროტესტის ნიშნად გამოსული. ისინი ამბობენ, რომ მშვიდობიან წინააღმდეგობას გაუწევენ მშენებლებს და „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის დაწყების საშუალებას არ მისცემენ. ხეობაში სამართალდამცავების დიდი რაოდენობა ამ დრომდე რჩება. სულხან ბორძიკაშვილის თანახმად, სიტუაცია სწორედ სპეცრაზმელების დიდი რაოდენობით შეყვანამ დაძაბა.
როგორც აქტივისტი ისლამ გორგიშვილი პანკისის სათემო რადიოს უყვება, სამშენებლო სამუშაოები დილას განაახლეს, რის პარალელურადაც მოსახლეობამ დილიდანვე დაიწყო მობილიზება, თუმცა სამშენებლო მოედნისკენ პოლიციასა და სპეცრაზმს გადაკეტილი ჰქონდათ გზა. თავდაპირველად, გორგიშვილის თანახმად, ისინი ხელკეტების გამოყენებით ცდილობდნენ მოსახლეობასთან შეწინააღმდეგებას და მოედნისკენ არ უშვებდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ ბარიერი გაარღვა, მათ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.
დაპირისპირებისა და ცრემლსადენის გაზის გაშვების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ მოსახლეობას უთხრა, რომ „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობა, რასაც მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა, შეჩერდა და მათ თელავში მოლაპარაკება შესთავაზა.
დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ. ჩვენ ვართ როგორც თქვენი, ისე ინვესტორის ინტერესების დამცველები… ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება. სანაცვლოდ გეუბნებით, რომ პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს… რამდენიც გინდათ, იმდენი [ადამიანი] გამოყავით და ვისაუბროთ ამ თემაზე. მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ მშვიდობა“, — უთხრა საბანაძემ დემონსტრანტებს.