ახალი ამბები

ლგბტ უფლებათა აქტივისტებს ჰომოფობიური მოტივით გვცემეს — აქტივისტები

21 აპრილი, 2019 • 690
ლგბტ უფლებათა აქტივისტებს ჰომოფობიური მოტივით გვცემეს — აქტივისტები

ლგბტ უფლებების აქტივისტები ამბობენ, რომ 20 აპრილს გვიან ღამით მათ ჰომოფობიური მოტივით სცემეს.

აქტივისტმა ლევან ბერიანიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ როდესაც ის და კიდევ ერთი აქტივისტი, გიორგი თაბაგარი ერთ-ერთი ღამის კლუბის რიგში იდგნენ, გვერდით მდგარმა ადამიანებმა ჰომოფობიურ ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბერიანიძის თქმითვე, ისინი აგრესიულ, შეურაცხმყოფელ ჰომოფობიურ კომენტარებს აკეთებდნენ.

თაბაგარმა ფეისბუკზე დაწერა, რომ რიგში მდგარ ადამიანებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო მას შემდეგ, რაც კორექტულობისკენ მოუწოდა, მას და ბერიანიძეს სცემეს. ორივე მათგანს დაზიანებები აღენიშნება.

ბერიანიძის თანახმად, მათ პოლიცია გამოიძახეს და ჩვენებები მისცეს. მისივე ცნობით, პოლიციას თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები ჰყავს.

ნეტგაზეთი ცდილობს შსს-სთან დაკავშირებას. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი