შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ განაცხადა, რომ პანკისში „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობა შეჩერდა და მოსახლეობას მოლაპარაკება შესთავაზა.
21 აპრილს დილის საათებში პანკისის ხეობაში დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ხეობაში ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. რადიო „ვეის“ თანახმად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
პანკისში ასობით ადამიანია პროტესტის ნიშნად გამოსული. ისინი ამბობენ, რომ მშვიდობიან წინააღმდეგობას გაუწევენ მშენებლებს და „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის დაწყების საშუალებას არ მისცემენ. ხეობაში სამართალდამცავების დიდი რაოდენობა ამ დრომდე რჩება.
„სამუშაოები შევაჩერეთ, დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ. ჩვენ ვართ როგორც თქვენი, ისე ინვესტორის ინტერესების დამცველები“, – უთხრა საბანაძემ მოსახლეობას. მოლაპარაკება თელავში გაიმართება.
„ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება. სანაცვლოდ გეუბნებით, რომ პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს“, — თქვა საბანაძემ. „რამდენიც გინდათ იმდენი გამოყავით და ვისაუბროთ ამ თემაზე. მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ მშვიდობა“, — განაცხადა მან.