საუბარი პოლიტიკურ ინტერესზე სრულიად გამართლებულია – სალაძე კაპანაძის იმპიჩმენტზე

“როდესაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველა საუბრობს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და ამბობს, რომ ამ მიმართულებით აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან კითხვები არ არსებობს – ამ ფონზე დირექტორის შეცვლა, დასაწყისისთვის, როგორც მინიმუმ, აძლიერებს ეჭვს, რომ შესაძლოა ეს პროცესი პოლიტიკურად იყოს მართული”, – ასე აფასებს სულხან სალაძე ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს ნეტგაზეთთან საუბრისას.

საია-ს თავმჯდომარის თქმით, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ არანაკლებად მნიშვენლოვანი ეტაპი იწყება, კერძოდ კი, ახალი დირექტორის შერჩევა. საია ამბობს, რომ პოლიტიკური ინტერესების კვლევა და პროცესისთვის თვალყურის დევნება არ უნდა დასრულდეს მხოლოდ დირექტორის გადადგომით. მისი თქმით, გადამწყვეტია, თუ ვის, როგორ და რა ფორმით აირჩევს ტელევიზია ახალ დირექტორად.

“მესამე ნაწილი იქნება, რა თქმა უნდა, სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხი – რა დარჩება, როგორ დარჩება და რა ფორმით საზოგადოებრივ მაუწყებელზე აჭარაში – ეს არის საკითხები, რასაც უნდა მივადევნოთ თვალი ჩვენ ყველამ,”- განმარტავს სულხან სალაძე.

სალაძე, რომელიც მრჩეველთა საბჭოს დღევანდელ სხდომას დაესწრო, ისურვებდა, რომ ორივე მხრიდან მეტი არგუმენტი მოესმინა. მისი თქმით,  საბჭოს ორი კითხვით მიმართა, თუმცა ვერც ერთ მათგანზე სრულფასოვანი პასუხი ვერ მიიღო.

“მე დავუსვი ეს კითხვები სამეურვეო საბჭოს, რადგან ვთვლი, რომ თუ ასეთი მძიმე სიტუაცია იყო აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ამაზე თავისი წილი პასუხისმგებლობა მრჩეველთა საბჭოსაც ეკისრება.

პირველი კითხვა, რომელიც მე დავსვი, ეხებოდა აუდიტორიას, რადგან ისინი აპელირებდნენ, რომ მაყურებელთა ოდენობა შემცირდა. მე ვიკითხე, ზომავდნენ თუ არა ისინი მაყურებლების ოდენობას, მაგალითად, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, ხულოში ან შუახევში – ცხადია, პასუხი იყო უარყოფითი. ისინი ამ მაჩვენებელს ვერ ზომავენ, რადგანაც არსებული სისტემა, რომლითაც მაყურებელთა ოდენობა იზომება, არის აბსოლუტურად სხვა ტიპის და ეს პროპორციულად ვერ გამოდგება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის.

ამიტომ ის, რომ მათი თქმით, რეიტინგი განახევრდა და მაყურებლების რაოდენობა შემცირდა არსებული კლევების მიხედვით – ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგანაც აბსოლუტურად სხვნაირად უნდა ხდებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელთა ოდენობის შესწავლა, იქნება ეს სოციოლოგიური თუ სხვა სახის კვლევები, რამაც ერთობლიობაში უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მოგვცეს”, – ამბობს სულხან სალაძე ნეტგაზეთთან.

მეორე კითხვა კი, რომელიც სალაძემ საბჭოს დაუსვა – 85 ათას ლარს ეხებოდა. საბჭოს წევრები ამბობენ, რომ აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტიდან 85 ათასი ლარი არამიზნობრივად დაიხარჯა.

“როდესაც ამ მოცულობის თანხაზეა საუბარი, ეს შეიძლება გახდეს არა მხოლოდ დირექტორის, არამედ იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხიც, რომელიც ფლობდა ამ ინფორმაციას, თუმცა გამოძიებას არ მიაწოდა. ამ კითხვაზეც ვერ მივიღე სათანადო პასუხი. ცხადია, მე არ ვამბობ, რომ აჭარის საზმაუში პრობლემები შეიძლება არ ყოფილიყო, მაგრამ როდესაც ლაპარაკია დირექტორის პასუხისმგებლობაზე, იქვე ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მრჩეველთა საბჭოს წილ პასუხისმგებლობაზეც.

ყველა საკითხის გადაბრალება და გადატანა ერთ კოკრეტულ პიროვნებაზე – თუნდაც, გენერალურ დირექტორზე, ვფიქრობ, აბსოლუტურად უადგილო და გაუმართლებელია. ჩემი აზრით, ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რას გადაწყვეტს თავად ნათია. თუ ის გადაწყვეტს სამართლებრივი ბრძოლას – ჩვენ მზად ვართ, მას დახმარება გავუწიოთ და დავიცვათ მისი ინტერესები.

მგონია, ბევრ რამეს დავინახავთ ძალიან მალე. როდესაც დაბალანსებულ მედიასაშუალებაში, რომელიც ყველა შეფასებით მიჩნეულია საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესო ტელევიზიად თავისუფლების ნაწილში – იცვლება დირექტორი ასე სწრაფად, იცვლება ამ ტიპის მოვლენების ფონზე და იცვლება პოლარიზებულ მედიაგარემოში. კრიტიკული კითხვების დასმა და საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას შეიძლება პოლიტიკური ინტერესი ჰქონოდა, აბსოლუტურად გამართლებულია,” – ამბობს სულხან სალაძე.


აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭომ დღეს, 19 აპრილს, გადააყენა. როგორც ნათია კაპანაძემ თქვა, მრჩეველთა საბჭო დოკუმენტებს არ გაეცნო და ისე მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა ის ყველას აზრს პატივს სცემს.

ხუთწევრიანმა მრჩეველთა საბჭომ, ოთხი ხმით ერთის წინააღდმეგ, ნათია კაპანაძე დღეს გადააყენა.

ნათია კაპანაძე გადაყენების გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან