ახალი ამბები

თავისუფალი მედიაგარემო ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევაა – ბახტაძე

19 აპრილი, 2019 •
თავისუფალი მედიაგარემო ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევაა – ბახტაძე

“ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ მიერ საქართველოს მიმართ რეიტინგის გაუმჯობესება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვვითარდებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა  თავისუფალი მედიაგარემოა.

„გამოქვეყნდა ძალიან მნიშვნელოვანი რეიტინგი, რომლის მიხედვითაც საქართველომ წინ წაიწია და პოზიციები გაიუმჯობესა. ვგულისხმობ რეიტინგს, რომელიც მომზადებულია „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ მიერ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია.  კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო – ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა გახლავთ თავისუფალი მედიაგარემო. ფაქტია, რომ მედიაგარემო ყოველწლიურად უმჯობესდება და ამას მთელი მსოფლო ნათლად ხედავს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა პროგრესისკენ, მაგრამ ამ რეიტინგში დაწინაურება არის ნათელი დადასტურება და პასუხი ყველა იმ სუბიექტური მოსაზრების შესახებ, თითქოს საქართველოში ჩვენ გვაქვს უკუსვლა მედიათავისუფლების კუთხით – ეს არის ტყუილი, ჩვენ გვაქვს პროგრესი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


საერთაშორისო ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”(RSF) გამოქვეყნებული ინდექსის თანახმად, საქართველო პრესის თავისუფლების კუთხით მსოფლიოში მე-60 ადგილზეა. გასულ წელთან შედარებით ქვეყანამ პოზიცია 1 პუნქტით გაიუმჯობესა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა კვლავ “ძალიან პოლარიზებულია”. ანგარიშში ნახსენებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების გამოუძიებელი საქმეც.

“ბოლო წლების რეფორმებმა მოიტანა წინსვლა მედიასაშუალებების მფლობელობის კუთხით გამჭვირვალობისა და სატელიტური ტელევიზიის პლურალიზმის კუთხით, მაგრამ მფლობელები კვლავ ხშირად ახდენენ გავლენას სარედაქციო შინაარსზე. დიდი გავლენა აქვს მიმდინარე დავას მთავარი ნაციონალური ოპოზიციური ტელევიზიის, “რუსთავი2″-ის მფლობელობასთან დაკავშირებით.

ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ ნაკლებად ხშირია, თუმცა მუქარები ხშირად შუქდება. 2017 წელს აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისში გატაცების [საქმეზე] გამოძიებას კვლავ დასადები აქვს დამაჯერებელი შედეგები”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ინდექსში საქართველოს 1 ქულით ჩამორჩება მეზობელი სომხეთი და 61-ე ადგილს იკავებს. აზერბაიჯანი 166-ე ადგილზეა 179 ქვეყანას შორის, თურქეთი 157-ე პოზიციას იკავებს, რუსეთი კი 149-ე პოზიციაზეა.

რეიტინგის პირველ ხუთეულში ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ნიდერლანდები და დანია შედიან.

ამავე თემაზე

ნათია კაპანაძე გადაყენების გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

მასალების გადაბეჭდვის წესი