ახალი ამბებიეკონომიკა

იძულებული გახადეს წასულიყო – გოცირიძე ქობულიაზე

18 აპრილი, 2019 • 2273
იძულებული გახადეს წასულიყო – გოცირიძე ქობულიაზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის თქმით, გიორგი ქობულიას ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გადაყენება ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით და იძულებით მოხდა. როგორც გოცირიძე ამბობს, დაახლოებით ერთი თვის წინ ივანიშვილმა ქობულიას შეუთვალა, თანამდებობა დაეტოვებინა, რაზეც უარი მიიღო.

“დაახლოებით ერთი თვის წინ უკვე ცნობილი იყო, რომ ივანიშვილმა პრემიერის პირით ქობულიას შეუთვალა, წასულიყო. მან [ქობულიამ] უარი განაცხადა. ქობულიას თურმე უთქვამს, რომ საკუთარი ნებით არ წავა და დაუსაბუთონ, რატომ უნდა დატოვოს თანამდებობა. ამასთან, ის ამბობდა, რომ თუ ჩემი გაშვება გინდათ, გამათავისუფლეთო. როგორც ჩანს, მასზე ძალიან ძლიერი ზეწოლა განხორციელდა და იძულებული გახადეს წასულიყო. ვნახავთ, როგორ ახსნის [ქობულია] ამ მოვლენას. ინფორმაციამ გაჟონა, რომ ქობულია ყველა დავალებასა და გარკვეულწილად ივანიშვილის პირად სურვილებს აფერხებდა. შესაბამისად, გადაწყდა, რომ ჩანაცვლდეს ხელისუფლების მორჩილი ადამიანით,”-აცხადებს გოცირიძე.

ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დღეს, 18 აპრილს თანამდებობას დატოვებს. ამ ინფორმაციას მთავრობისა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში არ ადასტურებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი