ახალი ამბები

კენჭისყრის ფარულობაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციას “ოცნება” არ გაითვალისწინებს

18 აპრილი, 2019 • 1167
კენჭისყრის ფარულობაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციას “ოცნება” არ გაითვალისწინებს

ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციას, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას კენჭისყრის ფარულობას ეხება, მმართველი გუნდი არ გაითვალისწინებს.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, ამ საკითხზე ფარული კენჭისყრა უნდა გაუქმდეს, თუმცა, როგორც უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დღეს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, თავის დროზე ღია კენჭისყრიდან ფარულზე სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გადავიდა ქვეყანა და მმართველი გუნდი ამ პოზიციაზე დარჩება.

“2013 წელს ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მისცა რეკომენდაცია, რომ ღია კენჭისყრა ფარულ რეჟიმში გადაგვეყვანა, ეს ეხებოდა სასამართლოს. ჩვენ გადავიყვნაეთ… ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო  თავის დროზე საკანონმდებლო სივრცეში და ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით. ამ ნაწილში ჩვენ ვეთანხმებით 2013 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას  და ეს საკითხი კანონპროექტში დარჩება ისე, როგორც არის”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრა “ზეწოლის და კონტროლის მექანიზმი” იყო წინა ხელისუფლების დროს.

ვენეციის კომისიის ახალი რეკომენდაციის მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრა უნდა გაუქმდეს. კანდიდატების კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს, პროცედურა კი – ობიექტურ კრიტერიუმებზე დამყარებული. ეს იმის შესაძლებლობას გააჩენს, რომ პარლამენტს საუკეთესო კანდიდატების სია წარედგინოს.

რაც შეეხება სხვა რეკომენდაციებს, თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ინტერესთა კონფლიქტის და საკვალიფიკაციო გამოცდების ნაწილში.

რაც შეეხება საკვალიფიკაციო გამოცდების ნაწილს, ვენეციის კომისიის მიხედვით, უნდა გადაიხედოს  უზენაესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებისთვის დაწესებული მოთხოვნა, ჩაბარებული ჰქონდეთ საკვალიფიკაციო გამოცდა. ამის მიზეზი ის არის, რომ მხოლოდ „სამართლალწარმოებაში გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი“ შეიძლება უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე წევრი გახდეს. ადამიანები, ვისაც ასეთი კვალიფიკაცია აქვთ, არ უნდა იყვნენ იძულებული, რომ გამოცდა გაიარონ იმის დასადასტურებლად, რომ სამართლის საკითხებზე მუშაობა შეუძლიათ, რაც უზენაეს სასამართლოში მუშაობის არსია.

ინტერესთა კონფლიქტის ნაწილში  ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრმა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, არ უნდა მიიღოს კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის არცერთ პროცედურაში მონაწილეობა.

გარდა ამისა, ახლანდელი კანონითა და მმართველი გუნდის შემოთავაზებული ცვლილებებით, უზენაეს სასამართლოს ეყოლება მოსამართლეთა ახალი შემადგენლობა, — უვადოდ დაინიშნება 18-დან 20-მდე მოსამართლე.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, პარლამენტმა მოსამართლეები უვადოდ უნდა დანიშნოს არა ყველა ვაკანტურ ადგილზე, არამედ მოსამართლეთა მხოლოდ ის რაოდენობა, რაც უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციითვე, ის, თუ რამდენი მოსამართლეა ამისთვის საჭირო, უნდა გადაწყდეს უზენაეს სასამართლოსთან კონსულტაციების შემდეგ. მოგვიანებით კი, უკვე ახალი პარლამენტი, რომელსაც შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე აირჩევენ [2020 წელს], დანიშნავს მოსამართლეებს დარჩენილ ადგილებზე. კომისიის თანახმად, ასეთი გადაწყვეტილება გაათავისუფლებს უზენაეს სასამართლოს არსებული ტვირთისგან და ხანგრძლივ პერიოდში ისეთი სანდოობის გარანტი იქნება, რასაც ეს ინსტიტუტი იმსახურებს.

როგორც თალაკვაძე ამბობს, ეს არის პოლიტიკური ნაწილი რეკომენდაციისა, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში განხილავენ და მიიღებენ შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი