ახალი ამბები

რომ არა წულუკიანი, გირგვლიანის საქმე სტრასბურგში ვერ მოხვდებოდა – ნაცვლიშვილი

18 აპრილი, 2019 • 1097
რომ არა წულუკიანი, გირგვლიანის საქმე სტრასბურგში ვერ მოხვდებოდა – ნაცვლიშვილი

მოსამართლე ლევან მურუსიძეს სანდრო გირგვლიანის საქმეში “გრამი დანაშაული” არ ჩაუდენია და რომ არა თეა წულუკიანი, აღნიშნული საქმე სტრასბურგში ვერ მოხვდებოდა – შესაბამისი განცხადებები  “TV პირველის” გადაცემა “პოლიტმეტრში” გააკეთა ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც “ქართული ოცნების” პიარკონსულტანტია.

მან ასევე ბიძინა ივანიშვილისა და ლევან მურუსიძის მსგავსი არგუმენტებით გააკრიტიკა გირგვლიანის საქმის ადვოკატი შალვა შავგულიძე საქმის სააპელაციო სასამართლოში გაუსაჩივრებლობისათვის და წამყვანის კითხვაზე, მოიგო თუ არა ადვოკატმა საქმე სტრასბურგში, პირდაპირი პასუხი არ გაუცია.

ნაცვლიშვილის განცხადებით, ლევან მურუსიძეს “ხელები ამოუგრიხეს”. ამ კონტექსტში ლაშა ნაცვლიშვილმა მოიხსენია თბილისის მაშინდელი პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი, იმ დროისათვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ბოკერია და საქმის ადვოკატი შალვა შავგულიძე.

“მიმდინარეობს შეტევა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაზე და ამ შეტევაში სხვადასხვა ჯურის პოლიტიკურ ოპოზიციას სამიზნედ ამორჩეული ჰყავს მურუსიძე. მურუსიძე, რომელიც მათი მძლავრი პიარული შეტევის გამო ეს კაცი არის ასოცირებული გირგვლიანის საქმეში ყველაზე ბრალეულად. და მე თქვენ გეუბნებით, არცერთი გრამი დანაშაული ამ კაცს გირგვლიანის საქმეში ჩადენილი არ აქვს.

მისი ხელების ამოგრეხვა, როგორც საკასაციო ინსტანციის მოსამართლისა, განხორციელდა გზადაგზა. ერთი ხელი ამოუტრიალა ღვინიაშვილმა, განზრახ მკვლელობით არ დააკვალიფიცირა საქმე და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებით დააკვალიფიცირა. მეორე ხელი ამოუტრიალა ბოკერიამ, როდესაც შეცვალა ერთი კანონი, ორი და სამი და ზედა ზღვარი ჩამოუყვანა, და მესამე ხელი ამოუტრიალა შალვა შავგულიძემ, რომელმაც არ დაწერა სააპელაციოში საჩივარი”, – აღნიშნა მან.

წამყვანის კითხვაზე, მოიგო თუ არა შავგულიძემ საქმე სტრასბურგში, ნაცვლიშვილმა ასე უპასუხა:

“სტრასბურგში საქმე წააგო საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც შეითქვა ერთი კაცის წინააღმდეგ”.

ლაშა ნაცვლიშვილმა, ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, შავგულიძე სააპელაციო ინსტანციაში გირგვლიანის საქმის გაუსაჩივრებლობის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების “ერთადერთი არგუმენტი” იყო.

გადაცემის წამყვანმა ნაცვლიშვილს გაუზიარა შალვა შავგულიძის არგუმენტი, რომ მისი ზემოაღნიშნული ნაბიჯი იყო ტაქტიკა საქმის სტრასბურგის სასამართლოში მოსახვედრად. ის არც აღნიშნულ არგუმენტს დათანხმდა და განაცხადა:

“სტრასბურგი არ იღებდა ამას [საქმეს] და მე ზუსტად ვიცი, რომ არა თეა წულუკიანი, არც მიიღებდა ამას”.

რეპლიკას მოჰყვა წამყვანის კითხვა – “სტრასბურგის სასამართლოში საქმეები ეწყობა?” – რასაც ნაცვლიშვილმა უპასუხა:

“არ ეწყობა, მაგრამ ნეიტრალური ევროპელი მოსამართლისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ფორმალისტი და რომელსაც ეუბნებიან, რომ აგერ, გამოცდილმა ადვოკატმა, რომელმაც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლო, არ გაასაჩივრა აპელაციაში, შესაბამისად, შიდა პროცედურები არ აითვისა და არ უნდა მივიღოთ ეს საქმე წარმოებაში იმიტომ, რომ ათასობით სხვა საქმე გვაქვს რიგში… აი, ამ დროს მიდის ქართველი ადამიანი, რომელიც იმ ჩვენდამი ცივ განწყობილ ადამიანებს უხსნის ამ სისტემური დანაშაულის არსს და არ მითხრათ, რომ ადამიანური ურთიერთობა არ მუშაობს არსად”.


სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 26 იანვარს შსს-ს თანამშრომლებმა ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე, რომელიც მკვლელობის შემდეგ გამუდმებით მოითხოვდა დამნაშავეების დასჯას და აპროტესტებდა ხელისუფლების ქმედებებს მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით, 2007 წლის 24 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გირგვლიანის საქმეზე შსს-ს 4 თანამშრომელი გაასამართლეს. ისინი ჯერ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა, შემდეგ კი, 2009 წლის სექტემბერში, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2011 წელს გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, სადაც წერია:

“სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო”.  სტრასბურგის გადაწყვეტილებაში გაკრიტიკებული იყო სასამართლოს ქმედებებიც.

ამავე თემაზე

სტრასბურგის 2 საქმე, რომელიც მურუსიძეს ეხება, მაგრამ “ჯერ წაკითხული არ ჰქონდა”

მასალების გადაბეჭდვის წესი