აბაშიძემ თედო ჯაფარიძის ასაკთან დაკავშირებით კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, როდესაც ჯაფარიძემ რუსეთისა და აფხაზეთს შორის შეთანხმების ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ კარასინთან შეხვედრების ამ რაუნდში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
“ჩემს ძველ მეგობარს, ბატონ თედოს ჩემთვის რომ დაერეკა, მე მას მოვუყვებოდი, თუ რატომ მივდივარ და რისთვის მივდივარ. ეტყობა, ცოტა მუხრუჭებმა უღალატა, შეიძლება ცოტა ასაკობრივც არის ეს ამბავი. რას იზამ”, – განაცხადა მაშინ აბაშიძემ.
“ძალიან რთული მოლაპარაკებები აქვს ბატონ აბაშიძეს, ამიტომ თავს შევიკავებ პირადად მე, რომ კომენტარი გავაკეთო, დაველოდოთ ბატონი ზურაბის ჩამოსვლას. მე კარგა ხანია აბაშიძესთან კონტაქტი არ მქონია, არც საუბარი,”– განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ქართულ მხარეს მოლაპარაკების ამ რაუნდში მონაწილეობა არ უნდა მიეღო.
“შექმნილ სიტუაციაში, როცა რუსეთი, მე მხედველობაში მქონდა ხელშეკრულების ის პროექტი, რომელიც გადაეცა აფხაზურ მხარეს, მე რომ ვყოფილიყავი, დავუშვათ, მე ბატონ აბაშიძის გვარი არ მიხსენებია, ქართული მხარის ადგილზე, თავს შევიკავებდი ამ რაუნდში მონაწილეობის მიღებისგან. რა თქმა უნდა, ეს არის დიპლომატიიის ერთ–ერთი ინსტრუმენტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ფორმატზე,”– განაცხადა ჯაფარიძემ “რუსთავი 2″–თან საუბარში.
ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან არაფორმალური მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს პრაღაში მართავს. გამგზავრებამდე აბაშიძემ განაცხადა, რომ ის გვერდს ვერ აუვლის რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების პროექტს, რომელსაც ქართული მხარე აფასებს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად.







