ახალი ამბები

ძალიან კარგი იქნებოდა სტალინის ძეგლის აღდგენა – გორის ტურიზმის ცენტრის უფროსი

17 აპრილი, 2019 • 3994
ძალიან კარგი იქნებოდა სტალინის ძეგლის აღდგენა – გორის ტურიზმის ცენტრის უფროსი

გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ქეთევან იარდალაშვილი აცხადებს, რომ ძალიან კარგი იქნება სტალინის ძეგლის აღდგენა გორში. ამ სურვილს ის სანახაობრივი თვალსაზრისით და ტურისტების მაღალი ინტერესით ხსნის.

გნებავთ, პირვანდელი ფორმა რომ დაუბრუნდეს [სტალინის ძეგლს]. მე ვერ გეტყვით ახლა, რა ადგილზე იქნება. შეიძლება იმ ადგილზე აღარ იყოს, მაგრამ იყოს თუნდაც სტალინის ბაღში”, – ამბობს გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი დიაNEWS-ის ეთერში.

ქეთვან იარდალაშვილის განცხადებით, გორში ტურისტულ ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში რუსეთი ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილს ჩინეთი და ირანი იყოფენ. მისი თქმით, ძალიან ბევრი ვიზიტორია პოლონეთიდან.

რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ტურისტების ინტერესი სტალინის მიმართ. იაპონია, იგივე ჩინეთი… ძალიან დიდი ინტერესია ამ ქვეყნებიდან სტალინისადმი”, – ამბობს იარდალაშვილი.

საზოგადოების ერთ ჯგუფსა და გორის საკრებულოს წევრების ნაწილს სტალინის ძეგლის აღდგენის მცდელობა 2015 წელსაც ჰქონდათ, თუმცა, უშედეგოდ.

2017 წელს გორის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ თედელაშვილმა მიმართა კოლეგებს, რომ გორის ცენტრალურ მოედნისთვის, საიდანაც სტალინის ძეგლი აიღეს, ევროპის მოედანის სახელი დაერქმიათ, თუმცა საკრებულოს სივრცითი და ტერიტორიული დაგეგმარების კომისიამ ეს ინიციატივა დაიწუნა.

სტალინის 6-მეტრიანი ძეგლი გორის ცენტრალური მოედნიდან 2010 წლის 25 ივნისს აიღეს.

ნეტგაზეთის არქივიდან გთავაზობთ სტალინური რეპრესიების შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი პირის, მირიან გურაშვილის ტრაგიკულ ისტორიას, რომელიც 3 წლის ასაკში დედასთან და ორ მცირეწლოვან დასთან ერთად გააციმბირეს:

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, სტალინის ეპოქაში 5 მილიონზე მეტი ადამიანი გადაასახლეს სხვადასხვა მიზეზით, ხოლო მათი ნაწილი დახვრიტეს. IDFI-ის ინფორმაციით, მხოლოდ 1937-38 წლებში საქართველოდან 14 679 ადამიანი გადაასახლეს, 14 372 კი დახვრიტეს. აქედან 3443 ადამიანი პირადად იოსებ სტალინის ხელმოწერით დახვრიტეს, ხოლო 179 გადაასახლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი