ახალი ამბები

ვის სურს სტალინის ძეგლი გორში

1 ოქტომბერი, 2015 •
ვის სურს სტალინის ძეგლი გორში

ძეგლის სამართლებრივი მხარე

იმ დოკუმენტაციის ასლების მიხედვით, რომელიც ნეტგაზეთმა მოიპოვა, გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს 18 სექტემბერს სტალინის ძეგლის მუზეუმის წინ მიმდებარე სკვერში მონტაჟის თხოვნით ა(ა)იპ “გორელებმა” მიმართა. ზემოხსენებული წერილის მიხედვით, “გორელებს” ჩატარებული ჰქონდა კვლევა ძეგლის დასადგამი კვარცხლბეკის საიმედოობის თაობაზე, მომზადებული ჰქონდა საპროექტო მასალები, მათ შორი ნახაზები და ასევე მზად იყო, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ძეგლის ტრანსპორტირებისა და ინსტალაციის, ასევე შეკეთების ხარჯები თვითონ დაეფარა.


სტალინის ძეგლის ნახაზი გორში
სტალინის ძეგლის ნახაზი გორში

სტალინის ძეგლის ნახაზი გორში
სტალინის ძეგლის ნახაზი გორში

მიმოწერა სტალინის ძეგლთან დაკავშირებით
მიმოწერა სტალინის ძეგლთან დაკავშირებით

ორგანიზაცია “გორელები” საჯარო რეესტრის მიხედვით მიმდინარე წელსაა დაფუძნებული. მისი გამგეობის თავმჯდომარე ყოფილი მოკრივე, ამჟამად ბიზნესმენი გიორგი კანდელაკია. ორგანიზაციის გამგეობაში ასევე შედიან ვახტანგ ყანჩაველი, ილია ელიკაშვილი, თემურ ხაჩიური, ზურაბ ბიჭიკაშილი, ზურაბ წკრიალაშვილი.

დოკუმენტაციის მიხედვით, ამის შემდეგ, 18 სექტემბერსვე გორის მერიამ მიმართა საკრებულოს და სთხოვა სტალინის ძეგლის საკითხის განხილვა. ეს იმას ნიშნავს, რომ საკითხის ინიცატორი საკრებულოში არა “გორელები”, არამედ მერია გახდა. შესაბამისად, მისი დამტკიცების შემთხვევაში ძეგლის მონტაჟისას სახელმწიფო თანხები დაიხარჯება. მერია ინიციატვის საფუძვლად განმარტებით ბარათში “გორელების” მიმართვას ასახელებს, ასევე საუბრობს “მოსახლეობის მაღალ” ინტერესზე და ამის დასამტკიცებლად “წარადგენს საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელის 2012 წლის წერილს თანდართულ ხელმოწერებთან ერთად”. გორის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით მთელი ქვეყნის მასშტაბით 20 ათსამდე ხელმოწერაა შეგროვებული, თუმცა ეს ხელმოწერები საკუთარი თვალით არ უნახავს, მაგალთად, თამარ თედლიაშვილს, საკრებულოს მეორე წევრს თავისუფალი დემოკრატებიდან: “ისინი საკრებულოში წარმოდგენილი არ არის და ჩვენ ისიც არ ვიცით, როგორ შედგა ეს გამოკითხვა, რა კითხეს, რაზე მოაწერეს ადამიანებმა ხელი- სტალინის როგორც ძეგლის დადგმას თუ სამუზეუმო ექსპონატად ქცევას”.


მიმოწერა სტალინის ძეგლთან დაკავშირებით
მიმოწერა სტალინის ძეგლთან დაკავშირებით

ორგანიზაცია “გორელების” მიერ მერიაში წარდგენილი საპროექტო ნახაზების მიხედვით, ძეგლი სტალინის სახლ-მუზეუმის წინ მდებარე სკვერში უნდა დაიდგას. ეს ადგილი არა მუზეუმს და, შესაბამისად, კულტურის სამინისტროს, არამედ გორის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია. სწორედ ამიტომ იღებს საკითხზე გადაწყვეტილებას საკრებულო და არა კულტურის სამინისტრო. თუმცა ჯერაც ძალაშია კულტურის მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის 3/203 ბრძანება, რომლის მე-2 მუხლში წერია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქანდაკების განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმმართველობის ორგანო იღებს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით”. ზემოხსენებულ ბრძანებას გორის მერიაც ახსენებს საკრებულოსთვის მიწერილ წერილში. როგორც ნეტგაზეთს კულტურის სამინისტროში განუცხადეს, 23 სექტემბერს მათ გორის მერიიდან მართლაც მიიღეს წერილი, სადაც გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი უწყებას სტალინის ძეგლის განთავსების ადგილის და დადგმის საკითხის შეთანხმებას სთხოვს, თუმცა ეს საკითხი საკრებულოს დღის წესრიგში ისე მოხვდა, რომ თვითმმართველობას კულტურის სამინისტროსაგან ჯერ პასუხი მიღებული არ აქვს.

გორის საკრებულოს თავმჯდომარე იზიარებს აზრს, რომ ჯობდა ჯერ კულტურის სამინისტროს პასუხი მიეღო მერიას და შემდეგ ეყარა საკრებულოს კენჭი ძეგლის დადგმის საკითხისთვის, თუმცა ასეთ სიჩქარეს მოსახლეობის მაღალი ინტერესით ხსნის:

“საკრებულომ შეიძლება გაიტანოს გარკვეული ფორმულირებით, რომ კულტურის სამინისტროს თანხმბობის შემთხვევაში… ძალიან დიდი მოთხოვნაა და ჩვენ ვალდებულები ვართ საკრებულოზე გავიტანოთ და განვიხილოთ… რა და როგორ გადაწყდება, ეს უკვე მეორე საკითხია”, – ამბობს მერი. კითხვას, ხორციელდება თუ არა მათზე ზეწოლა, იგი პასუხობს: “ზეწოლა ცოტა ისეთი ნათქვამია. ძალიან მაღალია მოთხოვნა საზოაგდოების მხრიდან და ამაზე ძალიან დიდი ხანია მიდის საუბარი”.  რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის ეს საზოგადოება, რადგან ქვეყნის მასშტაბით შეგროვებული თუნდაც 20 ათასი ხელმოწერა არ შეიძლება მთელი ქვეყნის მოსახლეობის აზრს გამოხატავდეს და სტალინის 6-მეტრიანი ძეგლის მოწინააღმდეგე ადამიანებიც ცხოვრობენ საქართველოში, გორის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს:

“ვინც უშუალოდ მოთხოვნით შემოვიდა, ეს არის “გორელები”, მაგრამ კიდევ ბევრი ჯგუფია, სტალინის საზოგადოება, ძალიან ბევრი ორგანიზაციაა… სტალინის საზოგადოებები, მოგეხსენებათ, რამდენია. ჩვენ ვალდბეულები ვართ განვიხლოთ”.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო სტალინის ძეგლის დადგმის გადაწყვეტილებას მიიღებს, ხოლო ამის შემდეგ კულტურის სამინისტრო საბჭოთა ბელადის ძეგლის დადგმაზე თავის უარყოფით პოზიციას დააფიქსირებს?

“ამ შემთხვევაში ჩაიდება ფორმულირება და განკარგულება ანულირებული იქნება. რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ იქ პირდაპირ დევს, რომ [კულტურის სამინისტროს] თანხმობის შემთხვევაში”, – ამბობს პაპუნა კობერიძე.

სამართლებრივად სჭირდება თუ არა მუნიციაპლაიტეტს ძეგლის დასადგამად კულტურის სამინისტროს თანხმობა? – ამ საკითხზე განსხვავებული იურიდიული განმარტებები არსებობს. მაგალითად, გორის საკრებულოს თავმდჯომარე პაპუნა კობერიძე და კიდევ ერთი წევრი დავით რაზმაძე თვლიან, რომ ასეთი თანხმობა 2007 წლის ზემოხსენებული ბრძანების საფუძველზე აუცილებლად საჭიროა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმმართველობა თუნდაც თავის ტერიტორიაზე ახალ ქანდაკებას ვერ დადგამს. განსხვავებული მოსაზრება აქვს საიას იურისტ გიორგი გოცირიძეს, რომლიც თვლის, რომ ეს მუნიციალიტეტის თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. კულტურის სამინისტროს სპიკერმა თამთა გაზაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ძეგლის დადგმა სამინისტროს უარყოფითი დასკვნის შემთხვევაშიც შეუძლია. მისი თქმით, თუ თვითთმართველობა მათ დასკვნას მხედველობაში არ მიიღებს და ისე დადგამს ძეგლს, ეს იქნება სამინისტროს პოზიციის გაუთვალისწინებლობა, თუმცა თვითმმართველობას ამის გაკეთება შეუძლია.

რაც შეეხება იმას, თუ რა პოზიცია აქვს კულტურის სამინისტროს გორში სტალინის ზემოხსენებული ძეგლის დადგმის თაობაზე, გაზაშვილის თქმით, ისინი ამას გორის მერიას წერილობით აცნობებენ და დასკვნის შემუშავებისას აუცილებლად იხელმძღვანელებენ საქართველოს კონსტიტუციითა და “თავისუფლების ქარტიით”.

“თავისუფლების ქარტია”

კანონი “თავისუფლების ქარტიის” შესახებ პირდაპირ ამბობს, რომ კომუნისტურ-ტოტალიტარული პროპაგანდისტული სიმბოლის საქართველოს ტერიტორიაზე არსებობა დაუშვებელია, თუმცა კანონის აღსრულების არაეფექტური სისტემის გამო მის საფუძველზე ჯერ არც ერთი ასეთი სიმბოლო არ აღმოფხვრილა. მეტიც, შსს-ში “თავისუფლების ქარტიის” იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი კომისიის შექმნიდან წელიწადზე მეტია გასული, თუმცა ეს კომისია ჯერ მხოლოდ ერთხელაა შეკრებილი.

საიას იურისტის გიორგი გოცირიძის განცხადებით, თუ გორის საკრებულო სტალინის ძეგლის დადგმის გადაწყვეტილებას მიიღებს, ვინმემ უნდა მიმართოს “თავისუფლების ქარტიის” კომისიას, რომელიც შეიკრიბება და თვითმმართველობას მის გაუქმებას მოსთხოვს, თუ ის ამას არ გააკეთებს, შემდეგ გააფრთხილებს და დააჯარიმებს.

პაპუნა კობერიძის განცხადებით კი, მათ იურისტებთან უკვე გაიარეს კონსულტაციები, რომლებმაც უთხრეს, რომ თავსიუფლების ქარტიაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა არის საბჭოთა სიმბოლიკა. ნეტგაზეთის შეკითხვას, სტალინის ძეგლი, მისი აზრით, არის თუ არა ასეთი სიმობოლო, გორის საკრებულოს თავმჯდომარე ასე პასუხობს:

“ვერ გეტყვით. ჩემი აზრი სხვა რაღაცაა. ეს რომ ნამგალი და ურო იყოს…

მე ვამბობ, რომ სამართლებრივად ვალდებული ვარ განვიხილო, მაგრამ სიმბოლიკა არის თუ არა ეს უკვე…”.

გიორგი გოცირიძის თქმით კი, ეს უფრო შეფასებითი საკითხია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე გადაწყვეტილება კომისიამ უნდა მიიღოს, თუმცა, მისი აზრით, ძეგლი ცალსახად არის ასეთი სიმბოლო, რადგან კანონში ჩადებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს – გამოხატავს კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს.

ვინ დაუჭერს მხარს და ვინ არა სტალინის ძეგლს გორის ცენტრში

გორის საკრებულოში სულ 15 წევრია, აქედან 6 კოალიცია “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს, რომელმაც უმრავლესობა დაკარგა, ხოლო 9 – ოპოზიციურ პარტიებს.

საკრებულოს დეპუტატების ნაწილი ჯერჯერობით თავს იკავებს ღიად საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისაგან, თუმცა, კულუარული ინფორმაციით, პარასკევის სხდომაზე საკითხის გატანისა და ჩავარდნის შანსები დაახლოებით თანაბარია.

უკვე ცნობილია, რომ სტალინის ძეგლის დადგმას მხარს არ დაუჭერს თავისუფალი დემოკრატების ორი დეპუტატი. ერთ-ერთი მათგანი თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ თუ ძეგლს მაინც დადგამენ, იგი სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებს მისი დემონტაჟისთვის.

“ყველაზე საინტერესო ის არის, რომ რუსული ძალა ძალიან გააქტიურდა და ამას ემთხვევა ეს ყველაფერი. 9 მაისს გორში წითელი სიმბოლიკებით დატვირთული დიდი აქცია მოეწყო. მე დიდი იმედი მაქვს, რომ გონივრულად გადაწყდება ამ ძეგლის საკითხი და გორელები სირცხვილს არ ვჭამთ”, – ამბობს თედლიაშვილი.

საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს პაპუნა კობერიძეს. მისი აზრით, ძეგლი სამუზეუმო ექსპონატის სახით უნდა არსებობდეს და სტალინის განდიდებას არ უნდა ემსახურებოდეს. თუმცა აქ საინტერესოა ის გარემოება, რომ მუზეუმის ეზოში სტალინის შედარებით პატარა ძეგლი უკვე დგას:

“მოდით, ნუ გადავზრდით ამას პოლიტიკურში, გორია, იყო პიროვნება, ვინმეს მოსწონდა თუ არა, ისტორიაა და მე ვფიქრობ, რომ მუეზუმის კუთხით უნდა იყოს.

ეს ძეგლი, რომელიც არის, მერიის ბალანსზეა. სადმე ხომ უნდა წავიღოთ?! ან მუზეუმს უნდა გადავცეთ, ან დაიდგას და შემდეგ მუზეუმმა მიხედოს, გინდა თუ არა, ქონებაა”, – აცხადებს კობერიძე.

ზემოხსენებული 6-მეტრიანი ძეგლი ორ მილიონადაა შეფასებული, თუმცა კობერიძეს მისი მეტალის კუთხით გამოყენების იდეა არ მოსწონს.

რესპუბლიკელი დავით რაზმაძე აცხადებს, რომ პარასკევს, კენჭისყრის დღეს საკრებულოში არ იქნება. მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემასა და საჭირო სამედიცინო გამოკვლევებს ასახელებს. რაც შეეხება პოზიციას, რაზმაძეც ძეგლის სამუზეუმო ექსპონატად გამოყენებას უჭერს მხარს:

“შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნა მაგ ძეგლის დადგმამ ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ვგულისხმობ იმ გამოწვევბს, რომელიც შეიძლება წამოვიდეს ევროკავშირიდან და ნატოდან. დღეს ჩვენი ქვეყანა ორიენტირებულია ევროკავშირზე, ნატოსა და იმ ქვეყნებზე, რომელთათვისაც შეიძლება სტალინის ძეგლის დადგმა მიუღებელი იყოს”, – ამბობს რაზმაძე.

კითხვას, რა საჭიროა ევროკავშირზე ან ნატოზე აპელირება და მისი პირადი მოსაზრებით, სადმე უნდა იდგას თუ არა სტალინის ძეგლი, იგი პასუხობს: “რთული საკითხია, როგორც სამუზეუმო ექსპონატი, ვინაიდან უკვე არსებობ,ს უნდა იყოს მუზეუმის ეზოს ტერიტორიაზე”.

რაც შეეხება იმას, როგორ წარმოუდგენია მას 6-მეტრიანი ძეგლის სამუზეუმო ექსპონატის სახით სადმე გათავსება, საკრებულოს წევრი განმარტავს:

“ჩემთვისაც ძალიან რთული აღსაქმელია, მაგრამ ეს ძეგლი არსებობს და აქედან გამომდინარე რაღაც უნდა მოიფიქრონ. ეს ცხელი ტვინების გადასაწყვტი არ არის. მისი განდიდება არ შეიძლება, მაგრამ ლიტვაში ძალიან კარგი ოკუპაციის მუზეუმი არსებობს, მაგალითად”.

გორში სტალინის ძეგლის შესაძლო დადგმას აპროტესტებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია “დროა”, რომლის წევრებიც აპირებენ, რომ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ. ნეტგაზეთის ინფორმაციით, პარასკევს გორში აქციების გამართვას ძეგლის დადგმის მომხრეებიც გეგმავენ:

“წინააღმდეგები ვართ იმიტომ, რომ ტოტალიტარული რეჟიმის ხელმძღვანელი, დიქტატორი და არაერთი მასობრივი დანაშაულის შემოქმედი დემოკრატიულ სახელმწიფოში არ უნდა განიხილებოდეს გმირად, საამაყო ქართველად, გენიოს პიროვნებად და ა.შ. ასეთებს ძეგლებს არ უდგამენ. ჩემი აზრით, ამის დაშვება არ შეიძლება, ამის არც მორალური და არც კანონიერი უფლება გვაქვს. იმედი გვაქვს, რომ საკრებულო გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – ამბობს კატო ქოთოლაშვილი, გორის ახალგაზრდული მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი