ქალა-ტვინის ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა – როგორია პანორამა თბილისის მშენებლობაზე დაშავებულების მდგომარეობა

“ამტელ ჰოსპიტალის” ექიმის განცხადებით, პანორამა თბილისის მშენებლობიდან გადმოვარდნილი ორი მუშის მდგომარეობა, რომლებიც აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობენ, სტაბილურია.

“ჩვენს კლინიკაში მოყვანილია ორი ახალგაზრდა კაცი. ერთი არის 19 წლის, მეორე – 21 წლის. მათი თქმით,  მუშაობის დროს სიმაღლიდან ჩამოვარდნენ. საუბარია დაახლოებით 8-9 მეტრზე. მათ მიიღეს როგორც ქალა-ტვინის, ასევე სხეულის ზოგადი ტრავმა. თვითონ მხოლოდ იმას ამბობენ, რომ სიმაღლიდან გადმივარდნენ, სხვა გარემოებები არ ახსოვთ. ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია,” – აცხადებს ექიმი.

რუსთაველის #1-ში, სადაც პანორამა თბილისის მშენებლობა მიმდინარეობს, ობიექტიდან სამი მუშა 16 აპრილს გადმოვარდა. ერთი დაშავებული ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.

“პაციენტს აქვს ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა, ფილტვების დაჟეჟილობა და მუცლის დახურული ტრავმა, თუმცა მისთვის ოპერაციის გაკეთება საჭირო არ გახდა,” – აცხადებს ექიმი თეონა ხუნჭუა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გაუმჯობესდა თუ არა მუშის მდგომარეობა, ექიმი პასუხობს, რომ პაციენტი სტაბილურობას რომ ინარჩუნებს, უკვე კარგია.

თვითმხილველი თქმით, გუშინ, 16 აპრილს დაკიდული ხარაჩო ჩაწყდა, რის შედეგადაც სამი მუშა ძირს ჩავარდა.

თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, პანორამა თბილისის სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია აწარმოებდა. ფონდში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ კომპანია შ.პ.ს ენერჯი პლიუსი, ხელშეკრულების თანახმად, ვალდებული იყო, სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმები დაეცვა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებ, გამოძიება კი სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.