პანორამის მშენებლობა 2 თვის წინ შემოწმდა, დარღვევა არ დაფიქსირებულა — ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ „პანორამა თბილისის“ მშენებლობა, რომლიდანაც დღეს სამი მუშა გადმოვარდა და დაშავდა, სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომლებმა ბოლოს დაახლოებით 2 თვის წინ შეამოწმეს, თუმცა დარღვევები ვერ ნახეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო „პანორამა თბილისის“ მშენებლობას „გეგმური პერიოდულობით ზედამხედველობს მის მიერ გაცემული ნებართვის ფარგლებში და ამოწმებს მშენებლობის შესაბამისობას ნებართვაგაცემულ პროექტთან მიმართებაში“.

სამინისტროს ცნობითვე, „პანორამა“ ბოლოს შეამოწმეს დაახლოებით ორი თვის წინ[კომპანიის წინასწარი გაფრთხილების გარეშე]. შემოწმების დროს, მათი ცნობით, სააგენტოს თანამშრომლებმა დარღვევა ვერ ნახეს. ამის შესახებ არც ოქმი შედგენილა, რადგან დარღვევა არ დაფიქსირებულა. მშენებლობა გაცემული ნებართვის ფარგლებში მიმდინარეობდა. სამინისტროს ცნობით, „ეს ითვალისწინებს ყველაფერს, მათ შორის ჩაფხუტებსაც, მაგრამ იმ პერიოდისთვის, როდესაც შემოწმება მოხდა, ყველაფერი იყო წესრიგში“.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, დღევანდელ შემთხვევაზე სააგენტოს თანამშრომლებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება, მაგრამ ამ ეტაპზე დასკვნა მზად არ არის. მათივე განცხადებით, ვითარების დეტალური შესწავლის შემდეგ დაიდება კონკრეტული დასკვნა.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ 16 აპრილს, საღამოს, მას შემდეგ, რაც ობიექტზე იმყოფებოდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „პანორამაზე“ 2მ-ზე და უფრო მაღლა სამუშაოები შეაჩერეს.

„იმისთვის, რომ ზუსტად მოვახდინოთ იდენტიფიცირება, გვჭირდება შემსწრე პირების და იმ ადამიანების გამოკითხვა, რომლებიც მკურნალობას გადიან. მანამდე, ვინაიდან სიმაღლეზე სამუშაოებს უკავშირდებოდა ეს პროცესი, მივიღეთ შეჩერების გადაწყვეტილება“, – განაცხადა ფერაძემ.

პანორამა თბილისის მშენებლობიდან გადმოვარდნილი ორი მუშა ამტელ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო ერთი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. პანორამაზე დაშავებული ორი მუშის მდგომარეობა სტაბილურია, ერთს გამოკვლევები უტარდება.

„პანორამის“ მფლობელის, თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „ენერჯი პლიუსი“ აწარმოებდა. ფონდში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ კომპანია შ.პ.ს ენერჯი პლიუსი, ხელშეკრულების თანახმად, ვალდებული იყო, სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმები დაეცვა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, გამოძიება კი სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com