პანორამა თბილისის მშენებლობიდან გადმოვარდნილი ორი მუშა ამტელ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო ერთი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.
- ამტელ ჰოსპიტალში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მათთან შეყვანილი ორივე მუშის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი კონტაქტურები არიან.
- როგორც კლინიკაში ნეტგაზეთს განუცხადეს, მათთან შეყვანილ დაშავებულ მუშას გამოკვლევები უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმი განცხადებას 19:45 საათზე გააკეთებს.
რუსთაველის #1-ში, სადაც პანორამა თბილისის მშენებლობა მიმდინარეობს, ობიექტიდან სამი მუშა გადმოვარდა. ფაქტის თვითმხილველი ამბობს, რომ დაკიდული ხარაჩო ჩაწყდა, რის შედეგადაც სამი მუშა ძირს ჩავარდა.
თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, პანორამა თბილისის სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია აწარმოებდა. ფონდში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ კომპანია შ.პ.ს ენერჯი პლიუსი, ხელშეკრულების თანახმად, ვალდებული იყო, სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმები დაეცვა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებ, გამოძიება კი სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.