არის ორი მხარე და ორივეს თავისი პოზიცია აქვს – პრეზიდენტი აჭარა TV-ზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შეფასებისგან თავს იკავებს.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, მიმდინარე ხმაურიან პროცეში  პრეზიდენტის ნებისმიერი კომენტარი პროცესში ჩარევა იქნებოდა.

“გამომდინარე პროცესის სტატუსიდან, განხილვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტი და ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერი ჩარევა, ნებისმიერი კომენტარი, იქნება პროცესში ხელოვნური ჩარევა”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, არის ორი მხარე და ორივე მხარეს აქვს თავისი პოზიცია.

“პროცესი უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე, ჩვენ ხომ არ შეგვიძლია მხოლოდ ერთი მხარის პოზიციიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ”, – აღნიშნა მან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით ორმა წევრმა: ირაკლი დარცმელიძემ [“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კვოტით წარდგენილი წევრი] და გიგა ჩხარტიშვილმა [“ქართული ოცნება”] მიმართა. ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.