საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მზადყოფნას გამოთქვამს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის სამართლებრივი რეკომენდაციების დიდი ნაწილი გაითვალისწინოს.
კობახიძის თქმით, ვენეციის კომისიის მიერ დღეს, 16 აპრილს გამოქვეყნებული დასკვნა პოლიტიკურ რეკომენდაციებსაც შეიცავდა, რომლის გათვალისწინებაზე შეიძლება მსჯელობა, თუმცა ისინი “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში არ აისახება.
“როგორც მოსალოდნელი იყო, ვენეციის კომისია დადებითად აფასებს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს. ეს კანონპროექტი ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას, რომელსაც ანალოგი არა აქვს ევროკავშირის ქვეყნებშიც კი. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნა. არის წარმოდგენილი რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია. ჩვენ იმთავითვე აღვნიშნეთ, რომ მზად ვართ გავიზიაროთ ის რეკომენდაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნებოდა კონსტიტუციისა და სამართლის ლოგიკასთან. ამ მიდგომის შესაბამისად, ჩემი პოზიციაა, რომ შესაძლებელია წარმოდგენილი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გაზიარება, მათ შორის, იმ რეკომენდაციების, რომლებიც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მოთხოვნებს ეფუძნება”, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე შესაძლებლად მიიჩნევს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას, რომლებიც შეეხება შერჩევის კრიტერიუმებიდან მოსამართლის კვალიფიკაციის გამოცდის ამოღებას და ინტერესთა კონფლიქტს (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რომელიც ამავდროულად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, სხვა კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებაც არ ექნება).
კობახიძის აზრით, სამართლის ლოგიკასთან შესაბამისობაში არ არის ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ეხება. პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, ეს კონსტიტუციური ძალაუფლების იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან უზენაეს სასამართლოში გადატანა იქნებოდა.
რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა სრულად არ შეავსოს კვოტები უზენაეს სასამართლოში, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს პოლიტიკური ხასიათის რეკომედაციაა.
“მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა არის დადგენილი კონსტიტუციით. რა თქმა უნდა, 28-მდე უნდა შეივსოს მოსამართლეთა რაოდენობა, თუმცა, გამომდინარე პროცედურიდან, შესაძლოა, ეს ერთბაშად არ მოხდეს. რაც შეეხება მითითებას, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არა და სხვა მოწვევამ მიიღოს გადაწყვეტილება, ეს უკვე არის პოლიტიკური რეკომენდაცია და გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოებს. ეს არ იყო რეკომენდაცია ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით და ასეთი საკითხი ვერც იქნება ასახული ორგანულ კანონში. ჩვენ საუბარი გვექნება არსებითად სამართლებრივ რეკომენდაციებზე, პოლიტიკურზეც გვექნება მსჯელობა და შესაძლებელია გაზიარება, მაგრამ, ბუნებრივია, ის არ ექვემდებარება ასახვას ორგანულ კანონში”, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვენეციის კომისიის დაკსვნასთან დაკავშირებით ხვალ გაიმართება შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან, ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის ჩათვლით. ასევე, შეიკრიბება უმრავლესობა.
კობახიძე აზუსტებს, რომ ვენეციის კომისიის ზემოაღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებასთან დაკავშირებით ერთი მომხსენებლის აზრი წარმოადგინა და უმრავლესობის შეხვედრაზე “შეეცდება დაარწმუნოს კოლეგები იმაში, რისიც შეიძლება თავად არ სჯეროდეს”.
პარლამენტის თავმჯდომარემ არ გამორიცხა, რომ მმართველი გუნდის წევრების დარწმუნება ვერ შეძლოს.
“დღევანდელი სახითაც რომ მივიღოთ, ეს ორგანული კანონი არა მარტო შეესაბამება სამართლებრივ პრინციპებს, არამედ ასჯერ მეტად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც შეიძლება იყოს დაყენებული”, – დასძინა კობახიძემ.
ვენეციის კომისიამ “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით რეკომენდაციები გამოაქვეყნა. კომისია მეტწილად იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კრიტერიუმებიდან მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ამოღების, ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვისა და ღია კენჭისყრის თაობაზე.
ამავე თემაზე:
რა კრიტიკული რეკომენდაციები აქვს ვენეციის კომისიას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე
პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის 3 სხვადასხვა კანონპროექტს განიხილავს