ახალი ამბები

ბოძებზე დამაგრებული დამტვრეული მანქანები შსს-ს კამპანია აღმოჩნდა

16 აპრილი, 2019 • 4199
ბოძებზე დამაგრებული დამტვრეული მანქანები შსს-ს კამპანია აღმოჩნდა

რამდენიმე დღის წინ საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში ბოძებზე დამონტაჟებული დამტვრეული ავტომობილები შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი სოციალური კამპანიის “მეტი სიცოცხლისთვის” ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

შსს-ს ინფორმაციით, ამავე კამპანიის ფარგლებში, გამოჩნდა ბანერები და დამზადდა შესაბამისი ვიდეორგოლები, ასევე, შეიქმნა ვებ-გვერდი formore.life და ფეისბუქ-გვერდი, სადაც კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სიახლე განთავსდება. სამინისტროს განცხადებით, სოციალური კამპანიის მიზანია, თითოეული მოქალაქე კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, თუ რა ტრაგიკული შედეგები მოჰყვება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი, 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და სოციალური კამპანია “მეტი სიცოცხლისთვის” დღეს წარუდგინა საზოგადოებას.

ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა, ხოლო მისმა მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა. სასტუმრო “რუმსში” იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები და ბიზნესის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი და განსახორციელებელი ღონისძიებები.

  • შსს-ს ანალიზით, მხოლოდ 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელიწადში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 6 608 ადამიანი დაიღუპა და 85 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

გიორგი გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ გამოწვევასთან საბრძოლველად 2018 წელს ეროვნული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის სრული განახლება დაიწყო. მისი თქმით, თუ 2017 წლის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით 170 კამერა ფუნქციონირებდა, უკვე დღეს 2600-ზე მეტი კამერა მუშაობს, რომელიც საგზაო მოძრაობის დარღვევის ფაქტებს აფიქსირებს.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრომ დაიწყო ავტოსაგზაო შემთხვევების აღრიცხვიანობის სრული მოდერნიზაცია და განახორციელა საკანონმდებლო ინიციატივები, მათ შორის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის კრიმინალიზაცია. ასევე, გიორგი გახარიამ დღესაც აღნიშნა, რომ ყველა პატრულ-ინსპექტორი სრულად აღიჭურვა სამხრე ვიდეოკამერებით, რომლებიც მძღოლებისა და საპატრულო პოლიციის კომუნიკაციის პროცესს სრულად აფიქსირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ მიერ განხორციელებულ აღნიშნულ ღონისძიებებს მოჰყვა გარკვეული პოზიტიური შედეგები და 2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში გარდაცვლილ პირთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა. ასევე, როგორც შსს აცხადებს, შემცირდა სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელიც.

პრეზენტაციაზე ნინო ჯავახაძემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ინტენსიურ აქტივობებს მომავალშიც გეგმავს. მისი განცხადებით, უწყების მიერ, 2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა, ხოლო სექციური სიჩქარის მზომი მოწყობილობებით გადაიფარება საავტომობილო გზის 700 კმ.-მდე მონაკვეთი.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე ასევე გაიზრდება ფარული პატრულირების განმახორციელებელი ეკიპაჟების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს ძირითად ქალაქებში იმოძრავებენ და საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლებს შესაბამის სანქციას დააკისრებენ.

შსს-ს ხელმძღვანელები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინოვაციურ, ავტომობილის ნომრის ამომცნობ მობილურ სისტემებს ნერგავს, რაც საშუალებას მისცემს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, ადგილზე გამოავლინოს სხვადასხვა კატეგორიის რისკის მქონე მძღოლები და პრევენციული ხასიათის მატარებელი საპოლიციო ქმედების ფარგლებში გადაამოწმოს ისინი.

გარდა ამისა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, 2019 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც რიგ შემთხვევებში სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება. შსს-ს ინფორმაციით, სწორედ ამ მიზნით დამონტაჟდა დედაქალაქში რამდენიმე დღის წინ ამოტრიალებული მანქანები.

  • ბოძებზე დამაგრებული ამოტრიალებული მანქანების ფოტოები:

თბილისში ბოძებზე დარჭობილი ამოყირავებული მანქანები გამოჩნდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი