ახალი ამბები

ალასანია: არანაირი საუბარი ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობაზე ქართულ მხარესთან არ ყოფილა

13 ოქტომბერი, 2014 •
ალასანია: არანაირი საუბარი ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობაზე ქართულ მხარესთან არ ყოფილა

“არანაირი საუბარი ამ გზის მშენებლობაზე ქართულ მხარესთან არ ყოფილა. მე ვესაუბრე იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებსაც აქვთ ურთიერთობა რუსულ მხარესთან, დიპლომატიური მოლაპარაკებები, არსად ასეთი საკითხი არ დამდგარა. ჩვენ, თავდაცვის სამინისტროს, ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია გვაქვს და როდესაც ეს განხილვა შედგება, ჩვენ ამ პოზიციას დავაფიქსირებთ. “

 

ალასანიამ ასევე კომენტარი  გაკეთა  აფხაზეთის მხარის მოთხოვნაზე, რომ საქართველომ ხელი მოაწეროს ცეცხლის განუახლებლობის შესახებ დოკუმენტს.

 

“მე ვიყავი ერთ–ერთი, ვინც შევქმენი ეს დოკუმენტი 2005–06 წლებში საქართველოსა და აფხაზებს შორის დეკლარაციის. და იმ დროისთვის და იმ ისტორიულ მონაკვეთზე ეს იყო ძალაინ მნიშვნელოვანი, გადაწყვეტილება რომ მიგვეღო მაშინ. ახლა, რა თქმა უნდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მთავარი, ვინც უნდა აიღოს ეს ვალდებულება, ვინც უნდა ხელი მოაწეროს, ეს არის რუსეთის ფედერაცია. ამასთან ერთად, უნდა შეასრულოს ის ვალდებულება, რომ საკუთარი საოკუპაციო ძალები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან. ეს არის ერთადერთი მიდგომა, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას“.

 

ტელეკომპანია “იმედმა”  24 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა მოსკოვში საქართველოდან ჩასულ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი საგზაო პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა. კარასინის თქმით, საუბარია იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არსებობდა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ამბობს,რომ ეს თემა მისი და კარასინის შეხვედრის ფორმატში არ განხილულა:

 

“თუ რუსეთის მხარე გამოიჩენს ინიციატივას, მოვისმენთ. ჩემი საქმეა დაგიდასტუროთ, განიხილება თუ არ განიხილება ეს საკითხი მთავრობაში და არ განიხილება ეს თემა არანაირად. როგორც მოვისმინეთ მედიისგან, რუსეთი იქ რაღაც სამუშაოებს ატარებს, ვერ ავუკრძალავთ რუსეთს თავის ტერიტორიაზე გზა ააშენოს, დაანგრიოს ან შეაკეთოს”-ამბობს აბაშიძე “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი