ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა 2 წელში ეკლესიას 1.4 მლნ დაახარჯეს – TI

15 აპრილი, 2019 • 1072
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა 2 წელში ეკლესიას 1.4 მლნ დაახარჯეს – TI

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა, 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისათვის, ჯამში, 1 434 627 ლარი დახარჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.

შედარებისათვის ორგანიზაციას მოჰყავს 2014-2016 წლების სტატისტიკა, რომლის მიხედვითად, მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული თანხის ჯამურმა ოდენობამ 1 267 604 ლარი შეადგინა.

TI-ში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტებმა, წინა პერიოდის მსგავსად, 2017-2019 წლებშიც ფინანსური დახმარება მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გაუწიეს.

ორგანიზაციის განცხადებით, თუ 2017 წელს მუნიციპალიტეტების მიერ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 466 862 ლარი შეადგინა, 2018 წელს გაცემული თანხის ოდენობა თითქმის გაორმაგდა და მუნიციპალიტეტების მიერ ეკლესიისათვის, ჯამში,  804 464 ლარი გაიცა:

“ამავე პერიოდში სამეგრელო-ზემო სვანეთში ეკლესიას სახელმწიფოსგან ორი უძრავი ქონება გადაეცა: ჩხოროწყუში, სოფელი ხაბუმეში მდებარე 1 886 კვ.მ. არასასოფლო‐სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ქალაქ სენაკში, სამხედრო დასახლებაში მდებარე 2 663 კვ.მ. არასასოფლო‐სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა‐ნაგებობა. ოფიციალური დოკუმენტებით, გაურკვეველია აღნიშნული ქონების გადაცემის საფუძველი და მიზანი.

ამავე პერიოდში სენაკის მუნიციპალიტეტმა სენაკში, სოფელი ლეძაძამესა და ეკში მდებარე ორი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გადასცა სახელმწიფოს შემდგომში საპატრიარქოსთვის გადასაცემად – ამ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული იყო კულტრული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ეკლესია და მონასტერი. თუმცა ეს ქონებები სახელმწიფოს ეკლესიისათვის დღემდე არ გადაუცია”, – ვკითხულობთ TI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ცნობით, სამეგრელ-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისათვის თანხა არ გაუცია მხოლოდ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, TI-ს მონაცემების მიხედვით:

  • ყველაზე მეტი თანხა – 500 000 ლარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა დახარჯა, მან ეკლესიებისა და საკვირაო სკოლების მშენებლობა დააფინანსა, ასევე, ამავე პერიოდის განმავლობაში 50 000 ლარი გამოყო ვლაქერნობის ფარგლებში „საპატიო სტუმრებისათვის ტრაპეზის მოსაწყობად”
  • მესტიის მუნიციპალიტეტმა თანხა (439 958 ლარი) გამოყო ცალკეული ეკლესიებისა და მონასტრების, მათ შორის მესტიისა და ზემო სვანეთის საეპისკოპოსო რეზიდენციის მშენებლობისათვის.
  • ხობის მუნიციპალიტეტმა 13 631 ლარი დახარჯა ხობის დედათა მონასტრის ელექტროენერგიის გადასახადის დასაფარად
  • ფოთის მერიამ, ჯამში, 237 537 ლარი დახარჯა, საიდანაც 94 719 ფოთის საკათედრო ტაძრის ელექტროენერგიის ხარჯებს მოხმარდა, 142 818 კი- ამავე ტაძრის სარემონტო სამუშაობს.
  • აბაშის მუნიციპალიტეტმა 50 000 ლარით დააფინანსა საკვირაო-სამრევლო სკოლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები
  • TI-ს თქმით, მარტვილის მუნიციპალიტეტმა არ მიაწოდა დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რა კონკრეტული ღონისძიებები გაიმართა გამოყოფილი 77 500 ლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი