მაქვს სურვილი, სრულყოფილი მოქალაქეები გახდეთ — ზურაბიშვილი მოსახლეობას ახალქალაქში

„მაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ყველა, ვინც აქ ბრძანდებით, და თქვენი შვილები, გახდეთ საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები“, — განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 აპრილს, დედაენის დღეს სამცხე-ჯავახეთში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად სომეხია.

ზურაბიშვილმა 14 აპრილს ახალქალაქში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა: „მინდა, ყველას მადლობა გითხრათ, ვინც აქ მობრძანდით. ვიცი, რომ ყველას არ გესმით ქართული. შეიძლება ნაწილობრივად გესმით. მნიშვნელოვანი არის, რომ მაინც მოხვედით და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“.

„იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ქართული გახდეს ნამდვილად სახელმწიფო ენა, ანუ ყველასი ენა, როგორც მე ვარ ყველასი პრეზიდენტი, მე მაქვს პასუხისმგებლობა, როგორც კონსტიტუციით მოწოდებული, რომ ამ ენის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე, სწავლაზე, ვიყო მე პირადად პასუხისმგებელი“, — განაცხადა მან.

ზურაბიშვილმა ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „რატომ არის საჭირო, რომ სახელმწიფო ენა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი? იმიტომ, რომ ენა არის მთავარი კარი, მე ვიტყოდი, კარი ურთიერთობების. თუ გვინდა, ერთმანეთს ვესაუბროთ, გავუგოთ, პატივი ვცეთ, ეს ყველაფერი გადის ერთი ენის ცოდნაზე, რომელიც არის სახელმწიფო ენა“.

შემდეგ ზურაბიშვილმა 1978 წლის 14 აპრილი ახსენა: „ენა არის კარის კულტურის, სახელმწიფოს გაძლიერების… ამისთვის იბრძოდნენ 14 აპრილს, 78 წელს. იბრძოდნენ იმისთვის, რომ სახელმწიფო ენა ყოფილიყო დაცული. და მათ რომ არ გაემარჯვებინათ, ალბათ, მერე არ მოჰყვებოდა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოს აღდგენა. ეს ყველაფერი არის ერთად ძალიან მჭიდროდ და არ შეიძლება ერთი მეორის გარეშე“.

ამის შემდეგ ზურაბიშვილმა დამსწრე საზოგადოებას ასე მიმართა: „ამიტომ მე მაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ყველა, ვინც აქ ბრძანდებით, და თქვენი შვილები, გახდეთ სრულყოფილი საქართველოს მოქალაქეები“. იქვე განმარტა:

„ამიტომ არის, რომ მე ძალიან ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ორმაგი მოქალაქეობა ყოფილიყო შესაძლებელი ყველასთვის და არა აკრძალული, როგორც იყო წინათ. ეს ცვლილება შემოვიდა კონსტიტუციაში და დღეს უკვე ყველას აქვს უფლება, რომ დაიბრუნოს, აღიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა. მაგრამ ამისთვის საჭიროა ორი მხარე იყოს“.

„მეორე მხარემ, ესე იგი, თქვენც, [უნდა] გადადგათ ის ერთი ნაბიჯი, რაც ნიშნავს, რომ გინდათ მოქალაქეობა ამ ქვეყნის და ეს არის ამ ენის სწავლა იმ დონეზე მაინც, რომ ჩააბაროთ ის პატარა გამოცდა, რაც თან ახლავს სწორედ ამ მოქალაქეობის აღდგენის პროცესს“.

„ეს არის სიმბოლური, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს უნდა, რომ თქვენ გახდეთ საქართველოს სრული მოქალაქეები, ყველა უფლებით, და თქვენც გაქვთ ეს სურვილი. და მაშინ არის სახელმწიფო ძლიერი, როცა ყველა თავისი მოქალაქეები, ყველას სურს, რომ იყოს სახელმწიფოს სრულყოფილი წევრი, გრძნობს თავს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და მაშინ არის და ვიქნებით და ვართ, საქართველო იქნება ძლიერი სახელმწიფო თავის ყველა მხარეში“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com