ქართველ მუსლიმთა კავშირი აჭარის ტელევიზიის დირექტორს სოლიდარობას უცხადებს

“ქართველ მუსლიმთა კავშირი” აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს, ნათია კაპანაძეს, სოლიდარობას უცხადებს. ორგანიზაციის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე ხაზს უსვამს, რომ კაპანაძის თანამდებობაზე ყოფნის დროს მედიასაშუალებამ არაერთ წარმატებას მიაღწია და რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისათვის ხელმისაწვდომი გახდა.

“მიგვაჩნია, რომ მისი დირექტორის თანამდებობის იმპიჩმენტის საკითხი შესაძლებელია გახდეს დიდი ზიანის მომტანი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისა და მედიის თავისუფლებისათვის.

აღსანიშნავი და თვალსაჩინოა რომ, მისი ამ თანამდებობაზე მოღვაწეობის პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეფასებული იქნა დადებითად და წარმატებულად. ამავე დროს აჭარის ტელევიზია გახდა რეგიონის მოსახლეობის ერთ-ერთ სასურველ და ყურებად ტელევიზიად. ხელმისაწვდომი გახდა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის, მრავალფეროვნების კულტურის უკეთ წარმოჩენისათვის”, – აცხადებს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ ნათია კაპანაძე სრულიად დამსახურებულად დაასახელა ტოლერანტობის ქომაგად.

“ქართველ მუსლიმთა კავშირი” იმედს გამოთქვამს, რომ “აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” მრჩეველთა საბჭოს ყველა წევრი “ყველა წევრი რაციონალურად შეაფასებს მის მოღვაწეობის პერიოდს, გამოიჩენენ კეთილგონიერებას, დაიცავენ და შეინარჩუნებენ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას”. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით ორმა წევრმა: ირაკლი დარცმელიძემ [ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კვოტით წარდგენილი წევრი] და გიგა ჩხარტიშვილმა [ქართული ოცნება] მიმართა. ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს.

ნათია კაპანაძე იმპიჩმენტზე: ცხადია, ეს უკავშირდება პოლიტიკას

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან