ახალი ამბები

მოვუწოდებ საბჭოს, გაიაზროს პასუხისმგებლობა და ის შედეგი, რაც იმპიჩმენტს მოჰყვება – ლომჯარია

12 აპრილი, 2019 • 914
მოვუწოდებ საბჭოს, გაიაზროს პასუხისმგებლობა და ის შედეგი, რაც იმპიჩმენტს მოჰყვება – ლომჯარია

” გარკვეული ფორმალური, თუ პროცედურული საკითხები რომც არსებობდეს იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად,  ეს არის ძალიან ცუდი და ძალიან საშიში სიგნალი ნებისმიერი პირისთვის, რომელიც თუნდაც  სამომავლოდ გადაწყვეტს, რომ გახდეს ამ ტელევიზიის ხელმძღვანელი.  ძალიან ცუდი სიგნალი, მინიშნება იქნება იმისა, რომ თუ ეს ტელევიზია არ იქნება ვიღაცისთვის მოსაწონი,  წარმატების მიუხედავად, შეიძლება ძალიან მარტივად დაატოვებინონ დირექტორის თანამდებობა” ,- ამბობს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

ლომჯარია საუბრობს აჭარის ტელევიზიის დირექტორ ნათია კაპანაძეზე, რომლის იმპიჩმენტის საკითხი 11 აპრილს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა დააყენა.

“უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ ჩემთვის სრულიად გამაოგნებელი იყო, როდესაც მედიიდან შევიტყვე, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. ბოლო წლების განმავლობაში, მე პირადად, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მხოლოდ პოზიტიური მესმის იქ განვითარებული მოვლენების შესახებ. კერძოდ კი ის, რომ რეალურად, ტელევიზია, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივ მაუწყებელს რეგიონში,  არის აბსოლუტურად დისტანცირებული ნებისმიერი პოლიტიკური მხრიდან და ობიექტურად მაუწყებლობს.

2018 წელს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ნათია კაპანაძეს გადასცა ჯილდო,   ტოლერანტობის  ქომაგი, იმის გამო, რომ ტელევიზია  კარგად და დაბალანსებულად აშუქებდა როგორც ეთნიკური უმცირესობების, ასევე რელიგიური უმცირესობების საკითხებსა და მრავალფეროვნებას. ასევე მრავალ საერთაშორისო ანგარშში ხაზგასმულია, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე დაბალანსებული ტელევიზია იყო წინასაარჩევნო კამპანიის დროს და მე ვფიქრობ, რომ ის იყო ერთ-ერთი სამაგალითო არხი,” – ამბობს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი “ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს, რომ წლების წინ, როდესაც ისიც იყო მედიის მონიტორინგის საქმეებში ჩართული, აჭარის ტელევიზიას სულ სხვა სახე ჰქონდა, დღეს კი პროგრესი სახეზეა.

“ნამდვილად არ გამოვრიცხავ, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოს ორივე წევრი, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, პოლიტიკური პარტიის მიერ დასახელებულია და, შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის მოტივებს არ გამოვრიცხავ. მე უბრალოდ ნამდვილად მიჩნდება ეჭვი, რომ ეს არ არის წმინდა სამართლებრივი ან ფორმალური პროცედურა იმიტომ, რომ როდესაც საბჭოს წევრი ხარ, ალბათ, უფრო ფართოდ უნდა უყურებდე, თუ რა შეიცვალა ამ არხში, რა როლს ასრულებს ეს ტელევიზია და რა პროცედურები შეიძლება გამოიწვიოს იმან, რომ ასე მოულოდნელად დაიწყო დირექტორის იმპიჩმენტის პროცესი – როგორ იმოქმედებს ეს სარედაქციო პოლიტიკასა თუ თანამშრომელთა მოტივაციაზე.

მე მგონი, ეს არ აქვს აწონ-დაწონილი იმ ორ ადამიანს, რომლებმაც დაიწყეს ამ საკითხის ინიცირება და მე მოვუწოდებ საბჭოს ყველა წევრს, რომ გაიაზრონ მათი პასუხისმგებლობა და ის შედეგები, რამაც დირექტორის ასეთ საეჭვო ვითარებასა და გარემოებაში გათავისუფლებამ შეიძლება გამოიწვიოს,” – განმარტავს ნინო ლომჯარია.

მისივე თქმით, თუ იმპიჩმენტი წარმატებით დასრულდა, საქართველოში კიდევ ერთი საქმე იარსებებს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები მედიის თავისუფლების თვალსაზრისით უარყოფითად შეაფასებენ.

“ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებას არავინ აფასებს, როგორც ობიექტურ ნაბიჯს, რაც ნამდვილად არც ტელევიზიის მაყურებელთა და არც ზოგადად, საზოგადოების ინტერესებშია. მე იმედი მაქვს, რომ საზოგადოების რეაქცია, რომელიც თითქმის ერთსულოვნად უჭერს ამჟამინდელ დირექტორს მხარს, გამოიღებს შედეგს და საბჭოს წევრები გაიაზრებენ თავიანთ პასუხისმგებლობას და იმას, რომ მათ შეიძლება ძალიან ცუდი როლი შეასრულონ, აი, ამ თუნდაც სხვადასხვა ინტერესებით მოტივირებული გადაწყვეტილებაში.

მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება იყოს გარკვეული უთანხმოებები, შეიძლება არსებობდეს გარკვეული პრეტენზიები დირექტორის მიმართ – ობიექტური ან არაობიექტური – ეს ძალიან ნორმალური პროცესია. მაგრამ როდესაც ამ გადაწყვეტილებით ეჭვის ქვეშ დგება არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა და ნეიტრალიტეტი და ის მიღწევები, რაც ამ დირექტორის დროს მიაღწია ტელევიზიამ – ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი საბჭოს წევრების მხრიდან არარაციონალურია. მათ უნდა გაიაზრონ, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა შეიძლება სხვა ფორმატში და რეალურად, იმპიჩმენტს შეუძლია მოიტანოს გაცილებით უფრო მეტი ზიანი, ვიდრე – პირიქით,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამავე თემაზე:

სარედაქციო დამოუკიდებლობას უპირისპირდება — „აჭარა TV“ დირექტორის იმპიჩმენტის ინიციატივაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი