ახალი ამბები

როგორ აფასებენ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში

12 აპრილი, 2019 • 1146
როგორ აფასებენ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში

გუშინ, 11 აპრილს, ზუგდიდის სოფელ ნარაზენში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ენმ-ის 3 წევრი დააკავეს, განსხვავებულად აფასებენ მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მომხდარს ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციას უწოდებს. რულოვსის თქმით, მას მოსახლეობასთან შეხვედრებზე “გადაცმული პოლიციელები მანქანით დასდევენ”:

„მე უკვე ორი კვირაა ზუგდიდში ვარ, ვატარებ მშვიდობიან შეხვედრებს მოსახლეობასთან და დაგვდევენ გადაცმული პოლიციელები მანქანით, პროვოკატორებს ეძახიან. მერე გამოჩნდებიან შეხვედრებზე, პროვოკაციებზე მოდიან და გვიშლიან ხელს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. ეს არის დაუშვებელი, ეს არის უკანონო”,-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

რულოვსის თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ პირებს საბუთების წარდგენა მოსთხოვეს და დახმარებისთვის საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

პოლიტიკური ოპონენტების დევნად აფასებს მომხდარს დავით ბაქრაძე. “ევროპული საქართველოს” ლიდერის თქმით, ეს “ქართული ოცნების” შიშის გამოხატულება იყო, რადგან მმართველი პარტია, ბაქრაძის აზრით, არჩევნებში მარცხდება:

„ქვეყანაში, სადაც ყოველდღე მატულობს კრიმინალი, პოლიციის მთავარი დავალება გახდა პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ივანიშვილის სასახლის დაცვა. ეს არის პოლიციის დანგრევა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანება „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაგრამ რაც მთავარია, ეს არის შიშის გამოხატულება. „ქართულ ოცნებას“ ეშინია და სამართლიანად ეშინია არჩევნების. იმიტომ, რომ ისინი აუცილებლად წააგებენ არჩევნებს, მაგრამ მინდა ვუთხრა, პოლიციის ძალით მოგებული არჩევნები არ არსებობს. რაც უფრო მეტად ცუდად მოიქცევიან დღეს, რაც უფრო მეტად დააზიანებენ საარჩევნო პროცესს, რაც უფრო მეტად ჩამოშლიან სახელმწიფო ინსტიტუტებს საკუთარი პარტიული ინტერესისთვის, მით უფრო გარდაუვლად და მწარედ წააგებენ ხვალ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ “რუსთავი 2-თან”.

განსხვავებულად აფასებენ მოვლენებს “ქართულ ოცნებაში”. უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ პროვოკაცია თავად “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოაწყო იმისთვის, რათა “დაჩაგრულის როლში გამოვიდნენ”:

“პროვოცირება ხდება ხელოვნურად იმისთვის, რომ მერე, აი, დაჩაგრულის როლში გამოვიდნენ და თქვან, რომ ხელისუფლება ტერორს აწარმოებს და ზონდერგუნდები ჰყავს. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი ტაქტიკაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები მშვიდობიან პერიოდში ჩაივლის, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდიც. ჩვენს ოპონენტებსაც იგივეს მოვუწოდებთ. რა თქმა უნდა, ხელისუფლების პირველი პასუხისმგებლობაა, რომ სიმშვიდე უზრუნველყოს. ეს არის ძალადობით ცნობილი რეჟიმის წარმომადგენელი ხალხი და რაზე არის ლაპარაკი“, – თქვა აკაკი ზოიძემ “რუსთავი 2-თან”.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს ორი წევრი, წითლიძე და პატარაია, დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი