ახალი ამბები

ენმ-ის პოლიტსაბჭოს ორი წევრი, წითლიძე და პატარაია, დააკავეს

11 აპრილი, 2019 • 1421
ენმ-ის პოლიტსაბჭოს ორი წევრი, წითლიძე და პატარაია, დააკავეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სამეგრელოში, ზუგდიდის სოფელ ნარაზენში პოლიციამ ენმ-ის სამი წევრი დააკავა. ნეტგაზეთი შსს-სგან ელოდება ინფორმაციას, რის საფუძველზე დააკავეს ისინი.

ენმ-ის ცნობით, დაკავებულები არიან ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ანი წითლიძე, ენმ-ის აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია და ენმ-ის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია. ისინი ენმ-ის კანდიდატს ზუგდიდში, სანდრა რულოვსს თან ახლდნენ მოსახლეობასთან შეხვედრაზე. პატარაიაც და წითლიძეც პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ ტვ პირველზე სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ თვითონაც ესწრებოდა დაკავებას ზუგდიდის სოფელ ნარაზენში.

მისი თქმით, რულოვსის საარჩევნო კამპანიის მონაწილეებს 11 აპრილს ადამიანების ერთი და იგივე ჯგუფი დაჰყვებოდა. მას შემდეგ, რაც ნარაზენში, სადაც რულოვსი მოსახლეობას ხვდებოდა, იგივე მანქანა, BMW-ის მარკის ავტომობილი შეამჩნიეს. ენმ-ის წევრები მივიდნენ და მათი ვინაობის გარკვევა სცადეს. „მათ გაგვიწიეს წინააღმდეგობა, გავაჩერეთ ეს მანქანა და გამოვიძახეთ პოლიცია“, – ამბობს მანჯგალაძე.

მანჯგალაძის თქმითვე, პოლიცია ნახევარ საათში მოვიდა; „აგრესიულად იქცეოდა ზუგდიდის პოლიციის უფროსი. მოხდა შელაპარაკება, რატომ, რა უფლებით გააჩერეთო. ნაცვლად იმისა, გაერკვიათ, ვინ იყვნენ ესენი, ვინც უკანონო თვალთვალს ახორციელებდა კანდიდატზე, პროვოკაცია მოუწყვეს ჩვენთან ერთად მყოფ ადამიანებს, მათ შორის, პატარაიას და წითლიძეს“, — თქვა მან.

მისი თქმით, ოპოზიციას აქვს კადრები, სადაც ჩანს, „როგორ ძალადობს პოლიცია ადამიანებზე, რომლებიც წესრიგისკენ მოუწოდებენ“, და ამ კადრებს გაავრცელებენ.

გარეკანის ფოტო: ენმ-ის პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი