ახალი ამბები

ბატიაშვილი: მზად ვართ შევქმნათ კონსორციუმი ქართული საგალობლების აღსადგენად

12 აპრილი, 2019 • 850
ბატიაშვილი: მზად ვართ შევქმნათ კონსორციუმი ქართული საგალობლების აღსადგენად

საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ მზადაა შეიქმნას საერთაშორისო კონსორციუმი უცხოელი ქართველოლოგების, მუსიკათმცოდნეებისა და მეცნიერების მონაწილეობით, რომლის მიზანიც ქართული საგალობლების ორიგინალთან მიახლოებული სახით აღდგენა იქნება.

მინისტრმა ეს განცხადება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში X საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნების – ნევმების – კვლევის შედეგებისა და მიგნებების პრეზენტაციზე გააკეთა.

ნევმები, რომლებიც X საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებშია დაცული, ძველ სამუსიკო ნიშნებს წარმოადგენს და საგალობლის ჰანგის ჩაწერა სწორედ მათი მეშვეობით ხდებოდა. ნევმების სისტემის მიმართ სამეცნიერო ინტერესი მრავალი წელია არსებობს და მასზე არაერთ მეცნიერი მუშაობდა. თუმცა ნევმების საიდუმლოს ამოხსნა დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

იმ ხელნაწერთა შორის, რომლებშიც ნევმური სისტემაა შემონახული, უძველესი და ყველაზე გამორჩეული მიქაელ მოდრეკილის „იადგარია“, რომლის კრებულის შესახებ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე არაერთი სამეცნიერო კვლევა არსებობს.

“ფაქტია, რომ ახალი ტექნოლოგიები და თანამედროვე მეცნიერული კვლევები ნამდვილად გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ უნიკალური ქართული სამუსიკო სისტემის ძირითადი პრინციპები და ქართული საგალობლები X საუკუნის ორიგინალთან მიახლოებული სახით აღვადგინოთ“ ,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა პრეზენტაციაზე.

განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ნევმების სისტემით დაინტერესებული ანჩისხატის გუნდის წევრები, მალხაზ ერქვანიძე და ზაალ წერეთელი, ქართულ გალობას ბოლო 30 წლის განმავლობაში მეცნიერულად სწავლობენ. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ზაალ წერეთელმა 6 წლის განმავლობაში იკვლია X საუკუნის ქართულ ხელნაწერებში, ნევმირებულ ძლისპირებსა და მიქაელ მოდრეკილის იადგარში დაცული ნევმური სისტემა. მკვლევარმა ნევმურ და თანამედროვე სანოტო სისტემით ჩაწერილ საგალობლებს შორის კავშირი აღმოაჩინა. ეს კავშირი ქართული გალობის უწყვეტი ტრადიციის მანიშნებელია, რომელიც X საუკუნიდან დღემდე არსებობს.

ქართული მრავალხმიანობა 2008 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შევიდა. ქართული
ტრადიციული მუსიკა მსოფლიო მონაპოვარია, რომლის მეცნიერულ კვლევას საფუძველი მე-19 საუკუნეში ჩაეყარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი