ახალი ამბები

“მასწავლებლებს შესაძლოა სისტემაში დარჩენა გაუმარტივონ” – სიმონ ჯანაშია მინისტრის ცვლილებას აფასებს

7 ნოემბერი, 2019 • 4318
“მასწავლებლებს შესაძლოა სისტემაში დარჩენა გაუმარტივონ” – სიმონ ჯანაშია მინისტრის ცვლილებას აფასებს

განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ განათლების მინისტრების სწრაფი ცვლით გრძელვადიანი პროექტები და ხედვები ზარალდება.

ამის ერთ-ერთ მაგალითად ჯანაშია სკოლის განვითარების ახალი მოდელის დანერგვას ასახელებს. მისი თქმით, გააგრძლებს თუ არა ამ რეფორმას ახალი მინისტრი, უცნობია. ხოლო მისაღებ გამოცდებზე სავალდებულო საგნების რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება, რაც მიხეილ ბატიაშვილმა მიიღო, ჯანაშიას თქმით, მისი ბედიც ასევე უცნობია.

“ჩხენკელს ჰქონდა გარკვეული იდეები, ასევე, ჯეჯელავას ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებით, მაგრამ შემდეგი მინისტრები ამას არ აგრძელებენ. ისინი ამას არ აკეთებენ არა მხოლოდ იმის გამო, რომ არ არსებობს გრძელვადიანი გეგმა/სტრატეგია, რომელიც მთავრობის მიერ იქნება დამტკიცებული. კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ მინისტრების ნაწილი თავს საერთოდ არ თვლის ვალდებულად, რაღაც ისეთი დაიწყოს, რაზეც მუშაობის გაგრძელება სხვას მოუწევს, რადგან იციან, რომ ამას მაინც არავინ გააკეთებს”,-აცხადებს ჯანაშია.

განათლების ექსპერტის შეფასებით, მიხეილ ბატიაშვილის პერიოდში კომპენსაციების სანაცვლოდ პენსიონერი მასწავლებლების სისტემიდან გასვლა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამით სხვებს მიეცათ შესაძლებლობა განათლების სისტემაში შესულიყვნენ. “ახალი მასწავლებლები განათლების სისტემაში იმიტომ ვერ შემოდიან, რომ არავინ გადის. შესაბამისად, ვაკანსიებიც არ იყო. სწორედ ეს პროცესი დააჩქარა ბატიაშვილის გადაწყვეტილებამ.”

სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ რთულია იმის თქმა, გადადგა თუ გაადაყენეს მიხეილ ბატიაშვილი, მაგრამ, როგორც წესი, მთავრობა მინისტრებს არჩევნების წინ ცვლის და ამის მიზეზი პოპულარული იდეების გავრცელება და სისტემაზე კონტროლის დამყარებაა.

“მასწავლებლებს შესაძლოა სისტემაში დარჩენა გაუმარტივონ. ბატიაშვილის დროს მათ უთხრეს, რომ ან ჩააბარეთ გამოცდა, ან წადით. ეს რიტორიკა ნამდვილად შეიცვლება, თუ დაინახავენ, რომ მასწავლებლების მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს არ უჭერს. კიდევ ერთი თემა ეხება საგანმანათლებლო სისტემის პოლიტიზების საკითხს. ახლა სკოლებში ახალი მასწავლებლების დიდ ტალღას ელოდებიან. ცხადია, მასწავლებლების ნაწილი პარტიისგან დაფასებას ითხოვს. პარტიას ეუბნებიან, რომ ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ გაგემარჯვათ და ახლა დაგვასაქმეთ… აქედან გამომდინარე, საფრთხე არსებობს, რომ მინისტრს მოსთხოვონ, რომ მათი აქტივისტები სისტემაში დაასაქმონ. ეს ადრეც გააკეთეს.”

სიმონ ჯანაშია არ გამორიცხავს, რომ მიხეილ ბატიაშვილის გადადგომა ია კერზაიას საქმესაც უკავშირდებოდეს:

“შეიძლება ასეც იყო, რადგან მაინცდამაინც დიდი ენთუზიამი ვერ შევატყვე ვერც მინისტრს და ვერც სხვებს სამინისტროში, რომ დაეცვათ ძალოვნები და მათი პოზიცია. რის გამოც მოხდა სინამდვილეში ეს ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში [ბატიაშვილის გადადგომით] ახლა საზოგადოებას წაართვეს არგუმენტი, რომ მათ ჰყავთ მინისტრი, რომელმაც შეიწირა სკოლის დირექტორი.”

დღეს, 7 ნოემბერს,  გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიხეილ ბატიაშვილმა განათლების მინისტრის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. თავად ბატიაშვილი ირწმუნება, რომ  განათლების მინისტრის პოსტიდან პირადი მიზეზით გადადგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი