ახალი ამბები

“ცხოვრება შიზოფრენიასთან ერთად”- 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა

10 ოქტომბერი, 2014 • • 3049
“ცხოვრება შიზოფრენიასთან ერთად”- 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ეს დღე ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომლებიც ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მუშაობენ, საშუალებას აძლევს საკუთარი საქმიანობის და  საჭიროებების შესახებ ისაუბრონ.   მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღის ფოკუსი წელს  შიზოფრენიაა და მისი სლოგანია “ცხოვრება შიზოფრენიასთან ერთად”.

შიზოფრენია აზროვნების დარღვევას იწვევს, რაც ზემოქმედებს მეტყველებაზე, აღქმაზე. ის ხასიათდება ფსიქოზური ეფექტით, როგორიცაა არარსებული ხმების გაგონება ან ჰალუცინაცია.

შიზოფრენია, როგორც წესი, მოზარდობის გვიან ფაზაში, ან თინეიჯერობის პირველ ეტაპზე იჩენს თავს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია წერს, რომ შიზოფრენიის ეფექტური მკურნალობა სავსებით შესაძლებელია და ამ ადამიანებს პროდუქტიული მუშაობა და საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია სავსებით რეალურია.

შიზოფენია მსოფლიოში 21 მილიონ ადამიანს აქვს. ის განკურნებადი დარღვევაა. ორიდან ერთი ადამიანი, რომელსაც შიზოფრენია დაუდგინდა ,არ არის უზრუნველყოფილი სათანადო მოვლის პირობებით. შიზოფრენიის მკურნალობა ითვალისწინებს, როგორც ოჯახის, ისე საზოგადოების ჩართულობას.

 

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის წარმომადგენლები 16:00 საათიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მხარდასაჭერად სკულპტურა მუზის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან. შეკრებილებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ამ დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა წარმოდგენაში, აქვე დაარიგებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ სუვენირებს.  ორგანიზაცია “მშობელთა ხიდის” ბავშვთა პარა-ორკესტრი შეასრულებს მუსიკალურ ნაწარმოებებს და კოალიციის აქტივისტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

 

“სამწუხაროდ, შიზოფრენიას არც საზოგადოება და არც მედია არ წყალობს, რის გამოც ძლიერდება შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების მიმართ არსებული სტიგმა, იზოლაცია და დისკრიმინაცია. თანამედროვე მიდგომების ფოკუსი ცხოვრების ხარისხის გაზრდასა და გამოჯანმრთელებაში მდგომარეობს, რაც სოციალური ფუნქციონირების სრულ აღდგენას გულისხმობს. ბევრი ცხოვრობს შიზოფრენიისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით და ცდილობს მათთან გამკლავებას. დაავადებასთან გამკლავების ფორმებია: მედიკამენტების მიღება და ფსიქოსოციალური ინტერვენცია, თანამდევი სომატური დაავადებების მკურნალობა, მავნე ჩვევების დაძლევა, თვითდახმარების ჯგუფებში გაერთიანება და სხვა”- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 1992 წლიდან აღინიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი