ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე დაკვირვების ახალი სადგურების შეძენისა და ქ. თბილისის ბუნებრივი საფრთხეების რისკების დეტალური შესწავლის მიზნით იტალიის მთავრობამ საქართველოს 2 მილიონი ევრო გამოუყო.
როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, იტალიელ ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში იმყოფება. უწყების ცნობით, ვიზიტის მიზანია, იტალიის რესპუბლიკის გარემოს, ხმელეთისა და ზღვის სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ქართული მხარისთვის გარემოს დაცვის სფეროში ფინანსური დახმარება.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგურების შეძენა და ატმოსფერული ჰაერის მოდელირებისა დაპროგნოზირების სისტემის დანერგვა იტალიის გამოცდილების გაზიარებით. ასევე, ქ. თბილისის ტერიტორიის ფარგლებში მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების აუზებში ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კვლევების განხორციელება:
“აღსანიშნავია, რომ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება კვლავ რჩება სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად. მონიტორინგის გაძლიერების ფარგლებში იგეგმება 5 ახალი თანამედროვე, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ჰაერის მონიტორინგის სადგურის შეძენა და ინსტალირება, რაც ხელს შეუწყობს გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგის ქსელის გაფართოებას, ხოლო მოდელირების საშუალებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა არეალებში ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შეფასება.
ასევე მოხდება საველე კვლევების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის დამუშავება და საკვლევ ტერიტორიაზე არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების შეფასება” – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
იტალიელი ექსპერტების ვიზიტი 12 აპრილამდე გაგრძელდება. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უცხოელი ექსპერტებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ერთობლივი საველე გასვლები, ატმოსფერული ჰაერის მინიტორინგის ავტომატური საგურების დათვალიერება და სამუშაო პროცესის ადგილზე გაცნობა, ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების კუთხით უკიდურესად დაძაბული, მდ. ვერეს და ლეღვთახევის ხეობების შეფასება.