საზოგადოება

მცირე წვიმის მიუხედავად, უდაბნოს მტვერი არ გაფანტულა

1 დეკემბერი, 2025 •
მცირე წვიმის მიუხედავად, უდაბნოს მტვერი არ გაფანტულა

მცირე წვიმის მიუხედავად, საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერში კვლავ მტვრის მყარი ნაწილაკების მომატებული კონცენტრაციაა.

როგორც „ნეტგაზეთს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ამ ეტაპზე ჰაერის დაბინძურების მხრივ არაფერი შეცვლილა.

2 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალ მთაში — თოვლი, შესაბამისად, სააგენტოში არ გამორიცხავენ, ხვალისთვის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. თუმცა 3 დეკემბრიდან ისევ მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია შეინიშნება, რაც განპირობებულია სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით.

„როგორც იცით, ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა ნალექი წვიმის ან თოვლის სახით, ასევე არ დაფიქსირებულა ქარი, რამაც განაპირობა დაბინძურების შენარჩუნება. საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის მასების გავრცელება წლის განმავლობაში პერიოდულად ფიქსირდება. სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების განვითარებაზე”, — განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარინა არაბიძემ.

air.gov.ge-ის რუკის მიხედვით, მტვრის მყარი ნაწილაკების ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა თბილისსა და რუსთავში. ჰაერის ხარისხის ინდექსის დონით, ამ მხრივ, „ძალიან ცუდი“ მდგომარეობაა თბილისში აღმაშენებლის, წერეთლის და მარშალ გელოვანის გამზირებზე, ასევე რუსთავში — ბათუმის ქუჩასა და მეგობრობის გამზირზე. PM10 და PM2.5 ნაწილაკების გავრცელებით ცუდი მდგომარეობაა ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში.

მტვრის მყარი ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურება 24 ნოემბრიდან მატულობს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება და არ გამოუქვეყნებია რეკომენდაციები მოსახლეობისთვის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ზოგადი რეკომენდაციებით, ძალიან ცუდი ინდექსის დონე ნიშნავს, რომ ჰაერის ხარისხი საგანგაშოა ჯანმრთელობისათვის და ყველამ შეიძლება განიცადოს სერიოზული ზეგავლენა ჯანმრთელობაზე. გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა თავი უნდა აარიდონ ყველანაირ გარე ფიზიკურ აქტივობას, ხოლო ყველა დანარჩენმა თავი უნდა აარიდოს გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი