შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ზუგდიდში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.
უწყების ცნობითვე, ერთ-ერთი მათგანი, ენმ-ის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
მანამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სამეგრელოში, ზუგდიდის სოფელ ნარაზენში პოლიციამ ენმ-ის სამი წევრი დააკავა. ენმ-ის ცნობით, პატარაიას გარდა დაკავებულები არიან ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ანი წითლიძე და ენმ-ის აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია.
ისინი ენმ-ის კანდიდატს ზუგდიდში, სანდრა რულოვსს თან ახლდნენ მოსახლეობასთან შეხვედრაზე. პატარაიაც და წითლიძეც პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან.
შსს-ს ვერსიით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენთან „სამსახურეობრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“.
„სამართალდამრღვევი პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ხელწერილის საფუძველზე პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა“, — აცხადებს შსს.
„გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელმა პაატა მანჯგალაძემ ტვ პირველზე სატელეფონო ჩართვისას საპირისპირო განაცხადა, — მან თქვა, რომ პოლიციამ, „ნაცვლად იმისა, გაერკვიათ, ვინ იყვნენ ისინი, ვინც უკანონო თვალთვალს ახორციელებდა კანდიდატზე [სანდრა რულოვსზე], პროვოკაცია მოუწყვეს“ ოპოზიციონერებს.