ახალი ამბები

ჯაბა ჯიშკარიანის თანახმად, „ოცნება“ მთაწმინდაზე არჩილ გეგენავას წარდგენას აპირებდა

11 აპრილი, 2019 • 3506
ჯაბა ჯიშკარიანის თანახმად, „ოცნება“ მთაწმინდაზე არჩილ გეგენავას წარდგენას აპირებდა

თბილისის საკრებულოს წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა, რომელმაც 11 აპრილს პარტია დატოვა, განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ აპირებდა, მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებზე კანდიდატად წარედგინა არჩილ გეგენავა, ყოფილი პარლამენტარი 2008-12 წლებში.

ჯიშკარიანმა ეს 11 აპრილს ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა და თქვა, რომ ამ ინიციატივის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდა. 11 აპრილსვე „ოცნებამ“ მთაწმინის მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა ლადო კახაძე.

არჩილ გეგენავა, რომელიც წლების განმავლობაში კერძო სექტორში საქმიანობდა, 2008 წელს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. იგი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.

გეგენავა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. ეს იყო ის გადამწყვეტი არჩევნები, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დაკარგვა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა მოჰყვა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა „ქართული ოცნების“ პრესსამსახურს ჯიშკარიანის განცხადების გადასამოწმებლად. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი