ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა “ოცნება” დატოვეს

11 აპრილი, 2019 • 3468
ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა “ოცნება” დატოვეს

თბილისის საკრებულოს დეპუტატები, ჯაბა ჯიშკარიანი და ვატო შაქარიშვილი, “ქართულ ოცნებას” ტოვებენ. ამის შესახებ მათ დღეს, 11 აპრილს, საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მანამდე, ვატო შაქარიშვილი ღიად აკრიტიკებდა მმართველი გუნდის პოზიციას მოსამართლეთა დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით.

ჯიშკარიანმა და შაქარაშვილმა დღეს განაცხადეს, რომ ისინი “დაიცავი საქართველოს” უერთდებიან, რომლის ყრილობაც 13 აპირლს გაიმართება.


21 მარტს გადაცემაში “რეაქცია” შაქარიშვილი ამბობს, რომ 2012 წელს არჩევნებში “ოცნების” გამარჯვებას ციხეში შეხვდა იმის გამო, რომ მოსამართლემ პოლიტიკური დაკვეთა უაპელაციოდ შეასრულა.  მისი თქმით, გადაწყვეტილება მის საქმეზე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ მიიღო:

“იმ მოსამართლემ, რომელიც იმ ათკაციან სიაში იყო, რომელიც პარლამენტს უვადო მოსამართლედ დასანიშნად წარუდგინეს და რომლებზეც ახლა გვეუბნებიან, რომ ადრე ცუდ გადაწყვეტილებებს იღებდნენ ზეწოლის ქვეშ და ახლა კარგები გახდნენ”, – ამბობდა შაქარიშვილი.

აღნიშნულ გადაცემაში შაქარიშვილს არ დაუკონკრეტებია, როდის დატოვებდა “ოცნებას”, თუმცა აღნიშნა, რომ მის მსგავსად კრიტიკულად განწყობილი ბევრია “ოცნებაში” ამ პროცესების გამო და ეკა ბესელიას დიდ პატივს სცემს.

ვატო [ვახტანგ] შაქარიშვილი თბილისის საკრებულოს წევრია 2017 წლიდან. ის საბურთალოს რაიონში “ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატი იყო თვითმმართველობის არჩევნებში და გაიმარჯვა კიდეც.

ჯაბა ჯიშკარიანი “ქართული ოცნების” სიით V მოწვევის საკრებულოს 2014 წელს შეუერთდა, 2017 წლიდან დღემდე კი VI მოწვევის საკრებულოს წევრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი