ახალი ამბები

ტაქსისტების გამაფრთხილებელი აქცია დასრულდა – მძღოლები ხვალ კალაძეს შეხვდებიან

11 აპრილი, 2019 • 1295
ტაქსისტების გამაფრთხილებელი აქცია დასრულდა – მძღოლები ხვალ კალაძეს შეხვდებიან

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ტაქსის მძღოლების გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია დასრულდა. მთაწმინდისკენ მიმავალი გზა უკვე გახანილია და ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან.

მძღოლები ხვალ, დღის მეორე ნახევარში, თბილისის მერს, კახა კალაძეს შეხვდებიან და თუ მერია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. მძღოლების ნაწილი დღევანდელ აქციაზე რუსთაველის გამზირის გადაკეტვასაც განიხილავდა.

ტაქსის მძღოლებთან ერთად დღეს კვლავ იმყოფებოდნენ ლეიბორისტული პარტიის წევრები და ლიდერები. შალვა ნათელაშვილი პარლამენტთან მჯდომარე აქციებს აანონსებს და აცხადებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების გადასაგდებად მთელი საქართველო გამოვა.

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები სამ ჯგუფად გაიყვნენ: ერთი ნაწილი მოითხოვდა პროტესტის გაგრძელებას ივანიშვილის სახლთან  და მმართველი პარტიის ლიდერთან შეხვედრას, მეორე ნაწილი- თბილისის საკრებულოსთან წასვლას აქციის გასაგრძელებლად და კალაძის იქ დაბარებას, ხოლო მესამე ჯგუფი- აქციის დასრულებას და დედაქალაქის მერთან ხვალინდელ შეხვედრის შემდეგ მოქმედებას.

რამდენიმე მძღოლი თბილისის საკრებულოსკენ წავიდა, ხოლო ივანიშვილის რეზიდენციასთან დარჩენილებმა ერთმანეთში თათბირის შემდეგ განცხადება გაავრცელეს და დღევანდელი გამაფრთხილებელი აქცია დაასრულეს – ისინი ხვალ კალაძეს შეხვდებიან და თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ფართომასთაბიან საპროტესტო აქციებს ხვალვე დaიწყებენ.

მძღოლებმა უკვე გამართეს ერთი შეხვედრა თბილისის მერიაში, თუმცა, წუხელ და გამთენიისას, მათი თქმით, საინიციატივო ჯგუფის წევრები პოლიციამ განყოფილებაში წაიყვანა. ისინი ამ ფაქტს ზეწოლად და დაშინების მცდელობად აფასებენ. დღევანდელი, 11 აპრილის გამაფრთხილებელი აქცია სწორედ მძღოლების პოლიციის განყოფილებაში გადაყვანას მოჰყვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ორი მძღოლი გადაყვანილი იყო პოლიციაში გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, მათ უკვე დატოვეს პოლიციის განყოფილება.

შსს-ს განცხადებით, კიდევ ორი ტაქსის მძღოლის მიმართ დაწყებული იყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება, რომლის ფარგლებში ისინი გადაიყვანეს ნარკოლოგიურში და მათაც უკვე დატოვეს ნარკოლოგიური სამსახურის შენობა.


თბილისში მომუშავე ტაქსისტების ნაწილი სხვადასხვა ახალ რეგულაციას, ძირითადად კი, მანქანების თეთრად შეღებვის ვალდებულებას აპროტესტებს.

ტაქსისტების მოთხოვნები ასეთია:

  • გაუქმდეს ტაქსების თეთრად შეღებვის ვალდებულება (2019 წლის ოქტომბრიდან სავალდებულო იქნება, რომ ყველა ლიცენზირებული ტაქსის მანქანა თეთრი ფერის იყოს);
  • ტექდათვალიერება წელიწადში მხოლოდ ერთხელ იყოს აუცილებელი (ტაქსების ტექდათვალიერება წელიწადში უკვე ორჯერაა სავალდებულო);
  • ორკარიან და მარჯვენასაჭიან მანქანებს კვლავ ჰქონდეთ უფლება, ტაქსებად იმუშაონ;

მასალების გადაბეჭდვის წესი