ახალი ამბები

კარატეს ფედერაციის თაღლითობაში ბრალდებულმა პრეზიდენტმა პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა

10 აპრილი, 2019 •
კარატეს ფედერაციის თაღლითობაში ბრალდებულმა პრეზიდენტმა პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა

კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილაია, რომელსაც სუსი თაღლითობაში სდებს ბრალს, შესაძლოა, პოლიტიკაში მოვიდეს. მისი თქმით, ბრალდების წაყენებაც სწორედ მის პოლიტიკურ დევნას ემსახურება.

“ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც მე გამოვხატე რაღაც პოზიციები იმის შესახებ, რომ ბევრი რაღაც არ მომწონს, რაც კეთდება 2012 წლიდან და დავაფიქსირე… ეს იყო დეკემბრის თვეში, პრეზიდენტის არჩევნების დროს, რომ მე პრეზიდენტის კამპანიაში არ ჩავერევი. მაქვს ჩემი მოსაზრებები და, ალბათ, 2020 წლისთვის, წავალ პოლიტიკაში,” – ამბობს კახა ბასილაია პრესკონფერენციაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, კახა ბასილიას თაღლითობის მუხლით ბრალი ორი დღის წინ წარედგინა.

უწყების განცხადებით, 2018 წლის 18-22 აპრილს საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრებისათვის თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში, შოტოკანის მე-9 ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სათანადო დაფინანსება გამოიყო:

“მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 4-მა სპორტსმენმა, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ 2018 წლის 27 აპრილს და 28 მაისს კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ ჩემპიონატზე თითქოსდა საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 დელეგატი იყო მივლინებული. ხსენებული გზით და სამინისტროს მოტყუებით, კახა ბასილაია 6 მონაწილის გასამგზავრებლად გამოყოფილ, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კუთვნილ 10 441 ლარს დაეუფლა” – წერია სუს-ის მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

კარატეს ფედერაციის პრეზიდენტს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობას გულისხმობს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი