სუპერლიგის 3 მსაჯი, მწვრთნელი და კლუბ “სოხუმის” თანამფლობელი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ბრალდებით საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები – ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი, თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების – ზაზა მაჩალაძის, ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით, თანხის სანაცვლოდ ახდენდნენ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სხვადასხვა მატჩებში სასურველი შედეგის დაფიქსირებას. სუს-ის განცხადებით, ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. „ჩაწყობილ“ მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12 000 ლარის გადახდა, საიდანაც 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარში მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი.

სუს-ის ინფორმაციით, 2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატ „სუპერლიგის“ სამი შეხვედრა, რომლებიც დასრულდა წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით, რის შემდეგაც თემურ დათიკაშვილი, ვაჟა კვარაცხელია, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი და ირაკლი ბერიშვილი დაეუფლნენ მოთხოვნილ თანხას, საერთო ჯამში, 36000 ლარს.

გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე ვადით. გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.