ახალი ამბები

IDFI: მთავრობამ უნდა მოაწესრიგოს საიმიგრაციო პოლიტიკა მისი გამკაცრების გარეშე

7 ოქტომბერი, 2014 •
IDFI: მთავრობამ უნდა მოაწესრიგოს საიმიგრაციო პოლიტიკა მისი გამკაცრების გარეშე

“ასოცირების ხელშეკრულების პრეამბულაში ხაზგასმულია უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობა, ხოლო მე-16 მუხლი კი ახსენებს საქართველოს მთავრობას მის ვალდებულებას უზრუნველყოს „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების სრული იმპლემენტაცია,” – ნათქვამია IDFI–ს სტატიაში.


IDFI
IDFI

 

IDFI აღნიშნავს, რომ შეთანხმების თანახმად, საქართველოს მთავრობას ეკისრება არა მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი საკუთარი მოქალაქეების რეადმისიის, არამედ ასევე ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის ვალდებულება. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირები ფლობენ საქართველოს მიერ გაცემულ ვიზას ან ბინადრობის ნებართვას, ან თუ დადგინდება, რომ ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვდნენ ტრანზიტულად, საქართველოს ტერიტორიის გავლით.

 

IDFI–ს ინფორმაციიით, ბოლო წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ინტერესი საქართველოს მიმართ გაიზარდა. შედეგად იმატა როგორც ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებათა რაოდენობამ, ისე საქართველოს მოქალაქეობისა და ბინადრობის მინიჭების შემთხვევებმა.

 

“შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ, ისევე როგორც ევროკავშირთან გაღრმავებული ურთიერთობები, წარმოშობს აუცილებლობას საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქვეყანაში დიდი რაოდენობით უკანონო მიგრანტთა შემოდინება. თუმცა, ბუნებრივია, რომ აღნიშნული არ გულისხმობს a-priori სავიზო რეჟიმის გამკაცრებას, რადგან თავად ასოცირების შესახებ შეთანხმება არ მოითხოვს სავიზო რეჟიმის გამკაცრებას და მითითებას მხოლოდ მის მოწესრიგებაზე აკეთებს,”– ნათქვამია IDFI–ს სტატიაში.

 

IDFI–ს სტატიის მიხედვით, დღემდე საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საიმიგრაციო კანონმდებლობა არსებობდა, რაც  საქართველოში უვიზოდ ყოფნის 360-დღიანი ვადას, სასაზღვრო პუნქტზე ვიზის აღების საშუალებას მოიცავდა. საქართველოს ხელისუფლებამ ეტაპობრივად დაიწყო საიმიგრაციო პოლიტიკას გამკაცრება. ამ მიდგომის საფუძველზე მთავრობამ მიიღო რიგი სამართლებრივი აქტებისა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2014 წლის მარტში ძალაში შესული კანონი “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი